გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე და ოპოზიციონერი აქტივისტი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ნაწილი იყო.
მემორანდუმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ( ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული სისიტემით აირჩევს) და პოლიტპატიმრების – გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გირგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობდა.
ქართული ოცნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ოპოზიცია ცრუობს და ასეთი შეთანხმება ვერ შედგებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
•120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
•საქართველო ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს. დახმარება ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
დასავლელი პარტნიორების ზეწოლის და არაერთი კრიტიკული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვების დასრულებამდე დაცვის მხარემ გიორგი რურუას პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის – ტელეკომპანია “მთავარის” ერთ-ერთი მეწილეა. ის ფინანსურად ეხმარებოდა მოძრაობას – სირცხვილია.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
თავად გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი საქმე პოლიტიზებულია.
მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, რომელმაც გიორგი რურუას საქმის მასალები შეისწავლა, წერს, რომ რურუას არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.
გიორგი რურუას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.