საქართველო ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს. დახმარება ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან და მისი საერთაშორისო პარტნიორებისგან კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად 500 მლნ ევროს მიიღებს. კუბილიუსი განმარტავს, რომ ამ დახმარების მიღების წინაპირობა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა, განსაკუთრებით კი იმ ვალდებულებების, რომლებიც საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობას უკავშირდება.
ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ მმართველ გუნდს 8 მარტს მიღწეული შეთანხმებაც შეახსენა.
კუბილიუსმა განცხადება twitter-ზე გამოაქვეყნა.
“მსურს, რომ ყურადღება გავამახვილო იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც აჭარბებს 500 მილიონ ევროს და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები აძლევენ ადგილზე საქართველოს, რათა მან განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს ჩოვიდ-19-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს,“ – წერს კუბილიუსი.
კუბილისუსის თქმით, ევროკავშირი 3 მილიარდ ევროს გამოყოფს ევროკავშირის მთელი სამეზობლოსთვის. აქედან 962 მილიონი განკუთვნილია აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის.
„ამ მხარდაჭერის საკვანძო მნიშვნელობის კომპონენტი მიბმულია საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მართვისა და გამჭვირვალობის სფეროებში,” – წერს კუბილიუსი.
ევროპარლამენტის წევრის თქმით, გარდა პირდაპირი დახმარებისა, ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ საქართველოს სესხების მოცულობა გაუზარდონ.
- რაზე შეთანხმდნენ 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება. რას ნიშნავს მოდელი 120/30?
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, რომ საქართველოს 345 მილიონი ევრო გამოუყოს, საიდანაც 280 მილიონზე მეტი 2020 წელს გამოიყოფა.
განცხადების დასასრულს, ანდრიუს კუბილიუსმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.
„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მიზანს მივაღწიოთ. ამ ნდობის გამყარება შეიძლება მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულებაში წინსვლით, მათ შორის მათი, რომლებიც მიღწეულ იქნა 2020 წლის 8 მარტს საქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის,“ – წერს ის.
2020 წლის 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ:
2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარული წესით.
პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება;
აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.
გარდა ამისა, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გადაწყდა პოლიტპატიმრების საკითხიც.
კერძოდ კი, საუბარია ირაკლი ოქრუაშვილისთვის და გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. რაც შეეხება გიგი უგულავას, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცრუობს, საქართველოში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არსებობენ და შესაბამისად, ამ საკითხზე ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგებოდა.