ყარაბაღში, ბერძორი სომხურ ქალაქად რჩება. იქ მოსახლეობის ევაკუაცია შეწყდა
ბოლო დღეების განმავლობაში, ყარაბაღში, ქალაქ ბერძორში (ლაჩინი), პანიკა იყო გამეფებული. არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არც მოსახლეობამ არ იცოდა, შეეძლოთ ქალაქში დარჩენა თუ მაინც უნდა დაეტოვებინათ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად. საბოლოო პასუხი ყველამ 27 ნოემბერს მიიღო, მოსახლეობის ევაკუაცია შეწყდა.
- ფაშინიანი: სომხები უნდა დაბრუნდნენ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად სოფლებში
- სომხები ტოვებენ ტერიტორიებს, რომელიც აზერბაიჯანს გადაეცემა. ვიდეო
თავდაპირველად სომხურ მედიაში გავრცელდა ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი გააფრთხილეს, ნივთები შეეკრიბათ და ქალაქი დაეტოვებინათ, რადგან ის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადიოდა.
9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, კაშატაღის (ლაჩინის) რაიონი სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს 1 დეკემბერს უნდა გადასცეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ სომხური მხარე თავისთვის იტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან კავშირს.
ბერძორელები ნერვიულობდნენ, რომ საკუთარი სახლების დატოვება მოუწევდათ, თანაც ისე, რომ ვერ მოასწრებდნენ მომზადებას და ყველა აუცილებელი ნივთის წაღებას.
მალე, კაშატაღის (ლაჩინის) რაიონის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არც ერთი მოსახლე არ იყო ვალდებული, ქალაქი 30 ნოემბრამდე დაეტოვებინა. მაგრამ მალე ეს ინფორმაცია წაიშალა, რამაც ხალხი კიდევ უფრო დააბნია.
შემდეგ, კაშატაღის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მუშეგ ალავერდიანმა ბერძორის მოსახლეობას ურჩია, მოეკრიბათ ნივთები და დაეტოვებინათ ქალაქი:
„გავეცი განკარგულება, რადგან ცუდი გამოცდილება გვაქვს სამხრეთ მონაკვეთზე. ადამიანების ევაკუაცია მოხდება. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ“.
27 ნოემბრის შუადღისას კი კაშატაღის რაიონის ქალაქებში, ბერძორსა და აგავნო-სუსში მოსახლეობის ევაკუაცია შეწყდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მუშეგ ალავერდიანმა განაცხადა, რომ ეს დასახლებული პუნქტები სომხურად რჩება.
„ამ მომენტისთვის, დაზუსტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმება შეიცვალა, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები მივიღეთ. ჩემი უშუალო პასუხისმგებლობით, ჩვენ შევწყვიტეთ ამ დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია და ვრჩებით ადგილზე“, – განაცხადა ალავერდიანმა.