აფხაზური სოფლის მოსახლეობა, რომლის მკვიდრიც კორონავირუსით გარდაიცვალა, კარანტინს აპროტესტებს
აფხაზეთში, სოფელ ლაბრას მცხოვრებლები, სადაც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა, კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. გამოვლენილი შემთხვევის შემდეგ, სოფელი სრულად ჩაკეტეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სურსათისა და საარსებო საშუალებების გარეშე დარჩნენ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 22 აგვისტოს, კორონავირუსით გარდაიცვალა სოფელ ლაბრას მკვიდრი, 52 წლის მამაკაცი. ის ორი კვირის განმავლობაში თვითონ მკურნალობდა და როდესაც რაიონულ საავადმყოფოს მიმართა, კორონავირუსი დაუდგინეს.
ავადმყოფის საავადმყოფომდე მიყვანა ვეღარ მოასწრეს – ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ სოფელში კიდევ რამდენიმე კერაა. ამის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
• აზერბაიჯანში კარანტინი კიდევ ერთი თვით გააგრძელეს: იხსნება მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები
• დავუჯეროთ თუ არა? პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადა
მალე, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რამდენიმე ადამიანმა სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არუთინ მელქონიანის სახლთან აქცია გამართეს.
ისინი სოფლის გახსნას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ არავინ არ უზრუნველყო ისინი წამლებით, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით და საკვებით. ადგილობრივთა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და საკუთარ პროდუქციას ბაზარში ყიდის.
ამ შესაძლებლობის დაკარგვის შემდეგ ადამიანებმა დასვეს კითხვა – ვინ იღებს მათზე პასუხისმგებლობას კარანტინის პერიოდში? ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეჭვი ეპარებათ დაავადების არსებობაში.
ვიდეოში, რომელიც ჟურნალისტებმა და ტელეგრამარხებმა გაავრცელეს, პროტესტის მონაწილეები ჯგუფებად, პირბადეების გარეშე დგანან. ერთ-ერთი მომიტინგე ამბობს:
„რა გავაკეთოთ. სახლში ბავშვები გვყავს. ჩვენ არ გავალთ, ბაზარში არ წავალთ – ვინ აჭმევს ჩვენს შვილებს? ვინ გადაგვიხდის საარსებო მინიმუმს, გვითხარით, რომ შვილები გამოვკვებოთ? სოფლელი ხალხის დახრჩობა გადაწყვიტეს და მორჩა“.
მოგვიანებით ლაბრას მცხოვრებლებს ჯანდაცვის მინისტრი, თამაზ ცახნაკია შეხვდა. როგორც მან მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან წამლებით, ლაბრაში იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა და ადამიანები უპრობლემოდ შეძლებენ საავადმყოფოსა და აფთიაქში მოხვედრას. თუკი ადგილობრივებისთვის ჩატარებულ ტესტებზე უარყოფითი პასუხები მოვა, კარანტინი მოიხსნება.
25 აგვისტოს, სოფელი ლაბრა ორი კვირით დაკეტეს.
27 აგვისტოს, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარეს, მათგან COVID-19-ის დიაგნოზი 21-ს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, გუდაუთის COVID-ჰოსპიტალში 19 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აფხაზეთში, დღეისათვის, კორონავირუსი დაუდასტურდა 295 ადამიანს. მათგან 117 გამოჯანმრთელდა, ოთხი გარდაიცვალა.