დავუჯეროთ თუ არა? პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადა
წყარო – The Washington Post
სამშაბათს, 11 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა და დაარეგისტრირა. მსოფლიოში ამ ამბავს სკეპტიციზმით და გულგრილობით შეხვდნენ.
ვინ შექმნა ვაქცინა?
ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინა გამალეიას სახელობის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა შექმნა. მას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაეხმარა – უწყება, რომელმაც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მეტი თანხები მიიღო.
რატომ არ სჯერა მსოფლიოს?
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიღებულია სტანდარტული სქემა ახალი წამლებისა და ვაქცინების შესამოწმებლად. მისი მთავარი მიზანია ახალი წამლების ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პირველი ეტაპი არის ლაბორატორიული კვლევა.
მეორე ეტაპი – ცხოველებზე გამოცდა.
მესამე ეტაპი – ტესტირება მოხალისეთა მცირე ჯგუფზე (რამდენიმე ათასი ადამიანი).
მეოთხე ეტაპი – გამოცდა ათობით ათას ადამიანზე.
• დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
• კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
რუსეთში მესამე ეტაპმა ჩაიარა, გამომცდელთა ჯგუფი კი 400 ადამიანს შეადგენდა (თავდაცვის სამინისტროს მოხალისეები).
მეოთხე ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ვაქცინის რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა. პრეზიდენტმა პუტინმა ისიც კი განაცხადა, რომ ახალი ვაქცინით მისი ქალიშვილი აიცრა.
მსოფლიოში ამ ამბავს რეაქცია დაუყოვნებლივ მოჰყვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაუშვებელია მედიკამენტების გამოყენება, რომლებმაც გამოცდის სრული ციკლი არ გაიარა.
აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისას, მისი ქვეყანა არა გლობალური უპირატესობისკენ, არამედ ვაქცინის საიმედოობისა და ეფექტურობისკენ მიისწრაფვის.

რუსეთის კლინიკური კვლევების მონაწილეთა ასოციაციამაც მიმართა მთავრობას, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი ვაქცინის გამოყენება, რომლის უსაფრთხოებაც არ დადასტურებულა.
რაც შეეხება პუტინის ქალიშვილს, სოციალური მედიის ბევრი მომხმარებელი შეგვახსენებს: პუტინი აღიარებს, რომ მას ორი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ მათი სახელები და ცხოვრების გარემოებები მკაცრად გასაიდუმლოებულია. მათი ზრდასრულ ასაკში მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები ჯერ არავის უნახავს.
რა იქნება შემდეგ: ვისგან და როდის უნდა ველოდოთ ვაქცინას?
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში რამდენიმე სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს.
ექსპერტების აზრით, ყველაზე წინ დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები წავიდნენ და ახალი ვირუსის გენომი გაშიფრეს.
კითხვა, რომელიც პლანეტაზე ყველას აწუხებს, არის ის, თუ როდის შეიძლება ველოდოთ მართლაც ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნას, რომელსაც გამოცდის სრული ციკლი გაიარა.
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს 2020 წლის ბოლოს მოხდება, მაგრამ ეს უფრო წინასაარჩევნო დაპირებებს ჰგავს. მეცნიერთა უმეტესობა რეალურ დროდ 2021 წლის იანვარ-თებერვალს ასახელებს.
იმავდროულად, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინაციას პირველები მასწავლებლები და ექიმები გაივლიან. იქნება თუ არა ეს პროცედურა ნებაყოფლობითი, ჯერჯერობით უცნობია.