აზერბაიჯანში კარანტინი კიდევ ერთი თვით გააგრძელეს
აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი 30 სექტემბრამდე გააგრძელეს. ადამიანებს დედაქალაქიდან რეგიონებში გასვლა და უკან დაბრუნება ისევ აკრძალული აქვთ, ავტობუსები შაბათ-კვირას არ იმუშავებს, სავაჭრო ცენტრები არ გაიხსნება. შემსუბუქება შეეხო მხოლოდ მუზეუმებს, რომლებიც დაკეტილია უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
• აზერბაიჯანის ხელისუფლება გაზრდილ სიკვდილიანობას კორონავირუსს არ უკავშირებს
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრები დაკეტილი იქნება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ჩარტერულ ავიარეისებს, რომლის გრაფიკიც წინასწარ მტკიცდება მთავრობის მიერ.
ასევე, ბაქოს, სუმგაითისა და აფშერონის რაიონის მცხოვრებლებს ჯერ ისევ არ აქვთ რეგიონებში წასვლის უფლება, რეგიონის მცხოვრებლებისთვის კი დაკეტილია დედაქალაქისკენ მიმავალი გზა. არ მუშაობს სავაჭრო ცენტრები და ბაქოს მეტრო. ეს აკრძალვა 20 ივნისიდან მოქმედებს.
ბაქოში ავტობუსები მხოლოდ კვირის დღეებში მუშაობს, შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია სექტემბრის ბოლომდე.
1 სექტემბრიდან იხსნება მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები, მაგრამ ყველაზე მეტი – 10-კაციანი ჯგუფებისთვის. ასევე, დაშვებულია კერძო მასწავლებლებისა და რეპეტიტორების მუშაობა, მაგრამ 10-კაციანი ლიმიტი მათ საქმიანობასაც ეხება.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე იმოქმედებს მხოლოდ ბაქოში, სუმგაითსა და აფშერონის რაიონში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის დედაქალაქის გარშემო. სხვა რეგიონების მცხოვრებლებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის, გამონაკლისია მხოლოდ დედაქალაქი.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ირონიულად მიუდგნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას კარანტინის შემსუბუქების თაობაზე. ზოგიერთი სახასიათო კომენტარი:
„კარანტინი კიდევ ერთი თვით გააგრძელეს, მოგვკალით ბოლოს და ბოლოს“.
„როგორც იქნა, გახსნეს მუზეუმები. გადაიჭრა მოსახლეობის კიდევ ერთი სასიცოცხლო საკითხი“.
„ყოველ ჯერზე ერთი თვით აგრძელებენ. გააგრძელონ ბარემ წლის ბოლომდე, რომ ადამიანები არ ეწამონ“.