საქართველო ვაქცინის ახალ დოზებს მესამე კვარტალში ელოდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წლის მესამე კვარტალში საქართველო ფაიზერის, ნოვავაქსისა და ჯონსონი&ჯონსონის ათასობით დოზას ელოდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“ივნისის ბოლოს ივლისის პირველ კვირაში დაახლოებით ნახევარ მილიონ სინოფარმს მიიღებს ქვეყანა.
მესამე კვარტალში განსაზღვრულია ფაიზერის მილიონი დოზის მიღება და ასევე, დაახლოებით, მესამე კვარტალში კოვაქსმაც დაადასტურა 700 ათასი ნოვავაქსის მოწოდება.
ასევე, დაადასტურეს დაახლოებით, 130 ათასამდე დოზა ჯონსონ & ჯონსონის მოწოდება. მესამე კვარტალში გვექნება დიდი რაოდენობა მარაგები ვაქცინების”, – თქვა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, მესამე კვარტალში ქვეყანა ემზადება, დღეში 15 ათასამდე ადამიანი აცრას, წლის ბოლოს კი მილიონ 700 000 მოზრდილი უნდა იყოს აცრილი ორჯერადად.
“დღეს 130-მდე დაწესებულებაა ჩართული აცრებში, მაგრამ ეს კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს”, – ამბობს გამყრელიძე.
_______________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
● დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
_________________________________
საქართველოში ორჯერადად აცრილია 33 718 ადამიანი, ერთჯერადად კი 115 473 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდვითარება ისევ მძიმეა. საქართველოში ყოველდღიურად ათასზე მეტი ინფიცირებული და 30-მდე გარდაცვლილია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვითარება ნელ-ნელა დასტაბილურდება. საქართველოში შემსუბუქდა კომენდანტის საათიც – გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა და დილის 04 საათამდე გრძელდება.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ სამს – “ფაიზერს”, “ასტრაზენეკას” და “სინოფარმს” ჰქონდა გავლილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოვაკს” ჯანმომ ავტორიზაცია 31 მაისს მიანიჭა.