დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან, 16 მაისიდან შევა ძალაში.

_______________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
______________________________
ე.წ კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ ორს – “ფაიზერს” და “ასტრაზენეკას” ჰქონდა გავლილი ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოფარმს” ჯანმომ ავტორიზაცია 6 მაისს მიანიჭა.