კლინიკების ასოციაცია: საქართველო პანდემიის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს – რომელიც, შესაძლოა, ახალი შტამის გავრცელებას მოჰყვეს.
მათი თქმით, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ახალი შტამის საქართველოში გავრცელების რისკი.
ისინი მთავრობას მოუწოდებენ გაატარონ შემდეგი ღონისძიებები:
● სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება “კარდაკარის,” პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები;
● დროულად უნდა მოხდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია და მათი სათანადოდ აღჭურვა;
● მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი კვირით გადაიდოს ყველა სახის საჰაერო ფრენები და ვიზიტორთა მიღება ევროპის ქვეყნებიდან;
● აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ;
● საშობაო ლიტურგიის პერიოდში რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე (როგორც სასულიერო ისე საერო პირებმა) და საზიარებელი ლითონის კოვზი თითოეული ზიარების შემდეგ გაწმენდილი იქნას ერთჯერადი სპირტიანი ხელსახოცით.
______________________________________________________________________________
● ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა გამორიცხული არაა
● კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
● მთავრობა: კორონავირუსის გავრცელება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უკავშირდება
______________________________________________________________________________
კლინიკების ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
“ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ვინც იქ არის, რომ გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომ კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა მან.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მესამე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემას, სარეზერვო რესურსი და პერსონალი მობილიზებული ჰყავს.
“რა თქმა უნდა, პერსონალი მობილიზებულია და ვაქცინაციისთვის ვემზადებით – ეს არის შუალედური პერიოდის ღონისძიება”, – ამბობს გაბუნია
რა არის კორონავირუსის ახალი შტამი
როგორც ლუგარის ლაბორატორიაში აცხადებენ, ახალ შტამზე გამოკვლევაში იყო სულ სამი საეჭვო შემთხვევა.
ორ შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბერში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი, „ბრიტანული შტამის” ე.წ. S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია.
როგორც ლუგარის ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, უფრო ადვილად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სიცოცხლისთვის უფრო საშიში იყოს.
ახალი შტამი იმითაცა არის ყურადსაღები, რომ მას ოცამდე მუტაცია ახლავს თან.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიში იყოს ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევდეს.
______________________________________________________________________________
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 233 879 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 666
● გამოჯანმრთელებული – 223 276
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 7 911