ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა გამორიცხული არაა
“როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე საქართველოც არ გამორიცხავს მესამე ტალღას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება შეიძლება. ოფიციალური მთავრობის პოზიცია კი “ლოქდაუნთან” დაკავშირებით უცვლელია – ისინი ჯერ არ აპირებენ ქვეყნის ჩაკეტვას.
მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში მოცულობის გაზრდის თაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხზე.
“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ მოცულობები გავზარდოთ ჯანდაცვის სფეროში, იმისთვის, რომ ყველა პაციენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი მკურნალობა. მომდევნო ორ კვირას იქნება საჭირო დიდი ძალისხმევა ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენლისგან”, — განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება შეიძლება:
ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პაციენტები არიან დღესდღეობით საქართაველოს კლინიკებში განთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით, შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.
● კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
● კლინიკების ასოციაცია მთავრობას საველე ჰოსპიტლების გახსნის თხოვნით მიმართავს
დღესვე ცნობილი გახდა ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, დავით გადელიას მოსაზრებაც შეზღუდვებთან დაკავშირებით.
როგორც გადელიამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველანაირად უნდა შეიზღუდოს ხალხმრავალი თავყრილობები, რადგან ეს აუცილებელია.
გადელიამ ასევე აღნიშნა, რომ ხალხმრავალი თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას:
„არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში”.
მისი თქმით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.
„განვიხილეთ ტრიაჟის საკითხი, თუ როგორ მოხდეს ავადმყოფების ეფექტური გადანაწილება. ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას”, – განაცხადა გადელიამ.
რაც შეეხება ოფიციალური მთავრობის პოზიციას, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ვირუსის გავრცელების შენელება მოხერხდეს.
“ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო, რომ ჩვენ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ტემპის შემდგომი ზრდა და პირიქით, მოვახდინოთ ვითარების სტაბილიზაცია”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
პრემიერ გახარიას დავალებით, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. როდის იქნება შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული, ამ დროისთვის, უცნობია.