მთავრობა: კორონავირუსის გავრცელება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უკავშირდება
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ოპოზიციას აბრალებს; უმძიმესი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, მკაცრ “ლოქდაუნს” არ აპირებს, თუმცა წერტილოვან შეზღუდვებს აანონსებს. კონკრეტულად რა შეიზღუდება, ამას მთავრობა ორ დღეში იტყვის. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის კორონავირუსის გავრცელების პიკი.
________________________
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ვირუსის გავრცელების წყარო სწორედ ის მიტინგები იყო, რომლებსაც ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აწყობდა (ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ქუჩის აქციებს აწყობს).
ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს. თუმცა, პოლიტიკური პროცესი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად, ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს, აღნიშნა ცქიტიშვილმა.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 111 818
აქედან:
● გარდაცვლილი – 1051
● გამოჯანმრთელებული – 92 215
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18 552
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება, ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება.
ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, თუმცა კონკრეტულად რა შეიზღუდება, ამას მთავრობა ჯერ არ ამბობს.
“ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ“, – ამბობს ცქიტიშვილი.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები.
რაც გულისხმობს შემდეგს:
● გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობის გაზრდა;
● სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვების დაწესება;
● პირბადის მოხმარების თვალსაზრისით ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გააქტიურება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მან უარყო ხმები მისი გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
● კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
● ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა გამორიცხული არაა
ტიკარაძე ასევე ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი ოპოზიციური აქტივობაა:
აქციებთან მიმართებით, ვხედავთ ფაქტებს და ეს გვაძლევს მეც და მაია ცქიტიშვილსაც იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა კოვიდ-საწოლების რაოდენობის შძესახებ შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში მუდმივად ისმის კოვიდინფიცირებული მოქალაქეების პრეტენზიები, რომ ისინი საავადმყოფოებში ადგილს ვერ პოულობენ, მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში საკმარისი საწოლებია:
“დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე გვაქვს 7 ათასამდე საწოლამდე მობილიზებული, რითაც რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება”, – განაცხადა ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კი აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა და შემთხვევების მატება კიდევ გაგრძელდება, ხოლო შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და უახლოსი 2 დღის განმავლობაში შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
_______________________
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.