მანქანით სიარული დღეიდან ნაბადართულია - საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა
დღეიდან, 27 აპრილიდან, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა.
27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 149 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
27 აპრილიდან ნებადართულია:
● მსუბუქი მანქანებით გადაადგილება.
● ტაქსის მუშაობა.
● ონლაინვაჭრობა
● მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.
● ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
შეზღუდვების მოხსნით ისარგებლებენ ის კომპანიები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს იცავენ და საქმიანობის ნებართვა აქვთ.
შეზღუდვები მოიხსნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ არა იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მანქანით გადაადგილება – გამონაკლისების სია
- ბრძოლა COVID-19-თან საქართველოში: “სიბნელეში ხელის ცეცებით”. საუბარი ზურაბ ჭიაბერაშვილთან
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
მანქანებით გადაადგილება დაშვებული იქნება ქალაქებს შიგნით. თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ისევ დაკეტილი იქნება. ჩაკეტილ ქალაქებს შორის მიმოსვლა გამონაკლისის სახით, დაშვებული იქნება მხოლოდ 27 და 28 აპრილს.
იმ ადამიანებს, რომლებიც სადმე იყვენენ ჩარჩენილები, 2 დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილებს დაუბრუნდნენ. 29 აპრილიდან შეზღუდვა ისევ აღდგება და საქართველოს 4 დიდი ქალაქი საგანგებო მდგომარეობის ვადით, ანუ 23 მაისამდე ისევ ჩაიკეტება.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ისევ ძალაში იქნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს.
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მოხდება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ არ იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ანდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გაიზრდება, შესაძლებელია, გაუქმებული შეზღუდვა ისევ ამოქმედდეს, ან შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.