უსაფრთხოების სამსახური: მოვუწოდებთ უკრაინას, მოგვაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდაზე
უსაფრთხოების სამსახური კონტრაბანდაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოუწოდებს უკრაინას, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
“აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ სუს-ში.
უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, უწყება ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სუს-ი დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.
“შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს”, – წერია სუს-ის განცხადებაში.
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● სუს-ის ფაილები: უსაფრთხოების სამსახური ელჩებსაც უსმენს
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
დაზვერვის ოფიცრების თქმით, უკვე ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. საქართველო იქნება კიდევ ერთი არხი, რომლის ტერიტორიის გავლით ოკუპანტი ქვეყანა ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს, ელექტრონიკის და ოპტიკური ინსტრუმენტებს მიიღებს.
უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საუბარია არა წიწიბურაზე, არამედ საომარ ტექნიკაზე.
“ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?”, – ამბობს ვერეშჩუკი.