სოხუმის ისტორიულ ცენტრში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა დროებით აიკრძალა
მაღალსართულიანი შენობები სოხუმში
სოხუმის ისტორიულ ნაწილში 18 მეტრზე მაღალი შენობების მშენებლობა დროებით აიკრძალა. ეს დაახლოებით ექვსსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქის მერმა, თემურ აგრბამ წამოაყენა, საქალაქო კრებამაც დაუჭირა მხარი. შეზღუდვა ძალაში გენერალური გეგმის დამტკიცებამდე დარჩება.
სოხუმის გენერალური გეგმა ბოლოს საბჭოთა პერიოდში, 1987 წელს დამტკიცდა. მას შემდეგ ქალაქის განვითარების ახალი, სრულფასოვანი ურბანული დოკუმენტი არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემუშავების აუცილებლობაზე პერიოდულად საუბრობენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი საზოგადოება.
ქალაქში მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა განსაკუთრებით მწვავე საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც მსგავსი პროექტები სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე გამოჩნდა. სოხუმის მცხოვრებლები სულ უფრო ხშირად მოითხოვენ მშენებლობების პროცესის კონტროლს. მათი შეფასებით, მაღალსართულიანი შენობები ქალაქის ისტორიულ იერსახეს ცვლის და საფრთხეს უქმნის მის არქიტექტურულ თავისებურებებს.
თემურ აგრბას განცხადებით, ქალაქის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სიმაღლის შენობების მშენებლობის პროექტები შედის. მათი ნაწილი უარყოფილია, თუმცა გენერალური გეგმის არარსებობის პირობებში ადგილობრივ ხელისუფლებას უარის თქმისთვის პრაქტიკულად არ გააჩნია საკმარისი სამართლებრივი საფუძველი. ერთადერთი არგუმენტი ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნების აუცილებლობაა.
ქალაქის ხელისუფლება გენერალური გეგმის შემუშავებას 2027 წელს გეგმავს. პროცესს შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მერმა, მანამდე ახალი მშენებლობების სიმაღლე დროებით შეეზღუდა.
გარდა ამისა, უკვე გაცემული მშენებლობის ნებართვების გაუქმება შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ახალი რეგულაცია მხოლოდ იმ პროექტებზე გავრცელდება, რომელთა განხორციელებაზეც ნებართვა ჯერ არ გაცემულა.
თუმცა ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი პრობლემებიც ახლავს. მოქმედი ქალაქთმშენებლობითი კოდექსით გათვალისწინებული კოეფიციენტი 18 მეტრზე მაღალი შენობების მშენებლობის შესაძლებლობასაც იძლევა. შესაბამისად, ახალი შეზღუდვა შესაძლოა მხოლოდ დროებითი და პრაქტიკაში ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.
გამონაკლისები შესაძლოა დაუშვან იმ ობიექტებისთვისაც, რომლებსაც სოციალური მნიშვნელობა აქვს ან რომლებიც აფხაზეთისა და უშუალოდ სოხუმისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
სოხუმის მთავარი არქიტექტორი, ბისლან ბაგატელია მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილის არქიტექტურული გარემო დაბალსართულიან განაშენიანებას გულისხმობს. ის მხარს უჭერს მაღალსართულიანი მშენებლობების შეზღუდვას მანამდე, სანამ ქალაქის განვითარების მკაფიო ხედვა და შესაბამისი გენერალური გეგმა არ იარსებებს.
სოხუმში მაღალსართულიანი მშენებლობების საკითხი ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და სასამართლო დავების მიზეზი. ერთ-ერთი ასეთი დავის ფარგლებში სასამართლომ ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი შენობის მშენებლობის შესაძლებლობაც დაუშვა. ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივი აქტივისტებისა და იმ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ისტორიული განაშენიანების დაცვას მოითხოვდნენ.
ახალი შეზღუდვა ამ ეტაპზე მაღალსართულიანი მშენებლობების შეჩერების მცდელობაა, თუმცა მისი რეალური ეფექტი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შემუშავდება გენერალური გეგმა და შეძლებს თუ არა ქალაქის ხელისუფლება მშენებლობების პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას