თბილისში ტრანსგენდერ ქალებს სცემეს
თბილისში, ოთხ ტრანსგენდერ ქალს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები დაესხნენ თავს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელებმა ტრანსგენდერ ქალებს მოპარეს კუთვნილი ნივთებიც.
შემთხვევა 4 აგვისტოს, გვიან საღამოს მოხდა.
თავდამსხმელები ადგილიდან საპატრულო პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ. ტრანსგენდერი ქალების დასახმარებლად სასწრაფო დახმარებაც მივიდა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერების უფლებები დაცული არ არის და ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.
• ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
• “გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები შეიცვლებიან”. ქართველი ტრანსგენდერები სოლიდარობასა და სიძულვილზე
პოლიციელებმა ძალადობაში ბრალდებული ერთი მამაკაცი უკვე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მას ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას ედავება, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.