სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა
21 ოქტომბერს, სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების 1 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ეს დღის ერთადერთი ანტი-რეკორდი არ არის – გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 ადამიანი გარდაიცვალა – ხუთი მამაკაცი, 14 ქალი და 16 წლის გოგონა. ეს სომხეთში, კორონავირუსით არასრულწლოვანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების 68 530 შემთხვევაა დაფიქსირებული. 49 219 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 121 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სომხეთში-1091, აზერბაიჯანში-630, საქართველოში-172
რას ამბობენ ექიმები
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილ გოგონას თანმდევი მძიმე დაავადებები ჰქონდა. ასევე ცნობილია, რომ ორი წლის წინ, გოგონას ავთვისებიანი სიმსივნე მოკვეთეს და ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა – ვერ ლაპარაკობდა, ვერ მოძრაობდა და დაჯდომაც კი არ შეეძლო.
„ექიმებმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, თუმცა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრის მოწოდება
ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა მოსახლეობას ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების დაცვისკენ მოუწოდა, რადგან ამ წუთას, ექიმების დახმარება ჯარისკაცებს სჭირდება:
„ახლა, ყველა სომეხის ყურადღება მიპყრობილია აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად წარმოქმნილი ვითარებისკენ. დანარჩენი კითხვები, მეორე პლანზეა გადაწეული… ამ საბედისწერო დღეების განმავლობაში, ჩვენ დაკავებულები ვართ საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშვებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების ევაკუაციითა და მკურნალობით.
გახსოვდეთ, ახლა ჯარისკაცებს სჭირდებათ ექიმები, დაე, ჯარი და მისი ზურგი იყოს ჯანმრთელი, ატარეთ ნიღბები, გადაარჩინეთ სიცოცხლე“.