დასანქცირებული Wildberries-ი საქართველოში საქმიანობას აფართოებს - მიწები, საწყობები და ტაქსის სერვისი
Wildberries-ი საქართველოში საქმიანობას აფართოებს

დამფუძნებლის დასანქცირების ფონზე, რუსეთის უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის Wildberries-ის ქართული ოპერატორი საქართველოში საქმიანობას აფართოებს: შეიძინა 19 ჰექტარზე მეტი მიწა, იჯარით აიღო დიდი საწყობი და ტაქსის სერვისის გაშვებისთვის ემზადება.
- მოსკოვი თბილისთან დიალოგის აღდგენაზე საუბრობს: ზურაბაშვილთან დიალოგს გალუზინი გაუძღვება
- სად არის საქართველო ყველაზე მეტად დამოკიდებული რუსეთზე – ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტურიზმი
- სერგეი შოიგუ: “2024 წელს საქართველომ გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო”
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევის მიხედვით, რუსული Wildberries, რომელიც საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ შეკვეთების გაცემის ქსელის განვითარებით აღარ შემოიფარგლება. კომპანიის ქართული ოპერატორი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და საქმიანობის ახალ სფეროებში შესვლას გეგმავს.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს გაფართოება მხოლოდ ბიზნესის განვითარებად არ უნდა შეფასდეს. მათი ყურადღება გამახვილებულია კომპანიის რუსულ კავშირებზე, სანქციების შესაძლო გავლენაზე, საქართველოს ლოგისტიკურ ქსელში მის როლსა და ადგილობრივი ოპერატორის მფლობელების პოლიტიკურ-ბიზნესკავშირებზე.
გაცემის ერთი პუნქტიდან ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურამდე
Wildberries-ის ქართული ოპერატორი შპს „ტრანსკომ გრუპი“ 2022 წლის 26 ივლისს დარეგისტრირდა. პლატფორმამ საქართველოში გაყიდვები 2024 წლის 22 ოქტომბერს, ფრანშიზის მოდელით დაიწყო.
თავდაპირველად მომხმარებლებს დაახლოებით რვა მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს. შეკვეთების მიღება თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი პუნქტიდან იყო შესაძლებელი.
მოგვიანებით გაცემის ქსელი გაფართოვდა. პლატფორმაზე პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც მიეცათ.
შეკვეთების გაცემის პუნქტი და საწყობი განსხვავებული ფუნქციის ინფრასტრუქტურაა. პირველი მომხმარებელს უკვე გამზადებულ ამანათს გადასცემს, საწყობი კი საქონლის მიღებას, შენახვას, დახარისხებასა და შემდგომ განაწილებას უზრუნველყოფს.
EPRC-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში Wildberries-ის ოპერატორის საქმიანობა ამ მეორე მიმართულებითაც ვითარდება.
19.25 ჰექტარი მიწა რუსთავთან
კვლევისთვის თავმოყრილი საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში „ტრანსკომ გრუპმა“ სახელმწიფოსგან პრივატიზაციის გზით ოთხი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ოთხივე ნაკვეთი თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზის მიმდებარედ მდებარეობს.
ნაკვეთების საერთო ფართობი 192 521 კვადრატული მეტრია, ანუ 19.25 ჰექტარი. ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალ გზასთან და საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ახლოსაა. ეს მას ლოგისტიკური საქმიანობისთვის ხელსაყრელ ადგილად აქცევს.
EPRC-ის შეფასებით, ნაკვეთების ერთ ტერიტორიაზე თავმოყრა და კომპანიის უკვე არსებული სასაწყობე საქმიანობა საფუძველს იძლევა ვარაუდისთვის, რომ მიწა შესაძლოა საწყობის ან უფრო დიდი ლოგისტიკური კომპლექსის მოსაწყობად იყოს განკუთვნილი.
თუმცა, ამ ეტაპზე ეს საჯარო დოკუმენტებით არ დასტურდება. კონკრეტულად რა პროექტი განხორციელდება ამ მიწაზე, რა ფართობის შენობები აშენდება ან როდის დაიწყება მშენებლობა, არ ვიცით.
საწყობი სოფელ გამარჯვებაში
რუსთავთან შეძენილი მიწის გარდა, „ტრანსკომ გრუპს“ უკვე აქვს იჯარით აღებული სასაწყობე ფართობი სოფელ გამარჯვებაში, თბილისიდან 7 კილომეტრში.
კვლევის თანახმად, 28 ოქტომბერს კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი საწყობში მობილური კავშირის სიგნალის გასაუმჯობესებლად. ტენდერის ტექნიკურ აღწერაში მითითებულია დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტი.
იჯარის ჩანაწერის მიხედვით, შენობის ფართობი 12 816.8 კვადრატული მეტრია, ხოლო საიჯარო ხელშეკრულება 2028 წლის 19 ივნისამდე მოქმედებს.
კვლევაში ასევე ნახსენებია „ტრანსკომ გრუპის“ მიერ გარდაბანში გაფორმებული მეორე საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც 2025 წლის მაისში დაიდო და ორი წლის ვადით გაფორმდა.
EPRC-ის შეფასებით, თუ რუსთავთან დაგეგმილი ლოგისტიკური კომპლექსიც მოეწყობა, კომპანიას რუსეთის ფარგლებს გარეთ საქონლის მიღების, შენახვისა და განაწილების უფრო დიდი შესაძლებლობა ექნება.
მზადება ტაქსის სერვისისთვის
EPRC-ის კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება თბილისში WB Taxi-ის შესაძლო ამოქმედებას უკავშირდება.
„ტრანსკომ გრუპმა“ 2026 წლის 16 და 21 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერები, რომლებიც ტაქსის სერვისისთვის ავტომობილების ბრენდირებას ეხებოდა. ერთ-ერთი ტენდერი თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილისთვის სპეციალური ფირის დამზადებასა და დატანას ითვალისწინებდა.
ეს დოკუმენტები სერვისის გაშვებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე მიუთითებს. თუმცა, საჯარო ჩანაწერებით ჯერ არ დასტურდება, გაფორმდა თუ არა შესაბამისი ხელშეკრულებები, რამდენი ავტომობილი დაიბრენდა ან დაიწყო თუ არა მგზავრების გადაყვანა.
ნოემბრის დასაწყისისთვის WB Taxi ბელარუსის რამდენიმე ქალაქში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში მოქმედებდა. სომხეთში კი სექტემბერში ერევანში ადრეული წვდომის რეჟიმი ამოქმედდა.
საქართველოში სერვისის ამოქმედების შემთხვევაში, Wildberries-ის ჯგუფი ონლაინვაჭრობისა და ლოგისტიკის გარდა, მგზავრთა გადაყვანის შეკვეთების ბაზარზეც შევა.
EPRC ამ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე. ტაქსის აპლიკაციები ამუშავებენ მგზავრების მისამართებს, გადაადგილების მარშრუტებს, მგზავრობის დროსა და ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ასეთი მონაცემების ანალიზით შესაძლოა ადამიანის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, ყოველდღიური გადაადგილების ჩვევები და სხვა პირადი დეტალები გამოვლინდეს.
კვლევაში მოყვანილია 2024 წლის შემთხვევაც, როდესაც საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ Yandex-ის ტაქსის სერვისის ადგილობრივმა ოპერატორმა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები რუსეთში უკანონოდ გადასცა. კომპანიას 4 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.
EPRC-ის შეფასებით, თუ WB Taxi საქართველოში ამოქმედდება, მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, ვინ მართავს სერვისს, სად ინახება მომხმარებლების მონაცემები და რა სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება მათი სხვა ქვეყანაში გადაცემა.
Wildberries-ის ქართული ოპერატორის კავშირები “ქართულ ოცნებასთან”
კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, კომპანიის ადგილობრივი ოპერატორის – „ტრანსკომ გრუპის“ მფლობელებისა და მათი ბიზნესკავშირების შესახებ ინფორმაციას ეხება.
EPRC-ის მიერ შესწავლილი საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის თავდაპირველი მფლობელი ლაშა მეგრელიძე იყო, რომელიც, 2023 წელს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა. [ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკია. მისი მფლობელი ჯერ თავად ბიძინა ივანიშვილი იყო, შემდეგ მისი ვაჟი, ბოლოს კი, მისივე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” გადასცა_JAMnews]
2024 წლიდან „ტრანსკომ გრუპის“ დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სერგი თვალჭრელიძე გახდა. საჯარო რეესტრის 2026 წლის 11 ივნისის ამონაწერიც მას კომპანიის ერთადერთ მფლობელად და დირექტორად ასახელებს. კვლევის მიხედვით, თვალჭრელიძემ 2025 წელს „ქართულ ოცნებას“ პირადად 30 ათასი ლარი შესწირა.
EPRC ასევე იკვლევს თვალჭრელიძის ბიზნესკავშირს „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილთან. კვლევის თანახმად, 2025 წლის მარტის ამონაწერით, თვალჭრელიძე კომპანია „ნამა კონსალტინგის“ დირექტორი და 33-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, ხოლო 34 პროცენტი გიორგი ბარვენაშვილს ეკუთვნოდა. „ნამა კონსალტინგსა“ და „ტრანსკომ გრუპს“ ერთი და იგივე იურიდიული მისამართი აქვთ.
EPRC-ის დასკვნით, საჯარო წყაროებით დასტურდება, რომ Wildberries-ის საქართველოში შემოყვანასა და ოპერირებაში ჩართული პირები დაკავშირებული არიან „ბანკ ქართუსთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან.
კვლევის ავტორების აზრით, ამ კავშირების შესწავლა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსული კომპანიის საქმიანობა საქართველოში ფართოვდება და მისი დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.
Wildberries-ის მფლობელს ევროკავშირის სანქცია აქვს
16 ნოემბერს, ევროკავშირმა, Wildberries-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტატიანა კიმი სანქციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ნაწილია, რომლის მიზანიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შეზღუდვაა.
სანქციები კიმის ევროკავშირში არსებული აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას, ასევე ევროკავშირის იურისდიქციაში მოქმედი პირებისთვის მისთვის თანხებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებს.
ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, Wildberries რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია. შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადები რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ხვდება და სახელმწიფოს სამხედრო ხარჯების დაფინანსების შესაძლებლობას ზრდის.
ევროკავშირი კომპანიას ასევე აკავშირებს რუსეთის სამხედრო მომარაგების ქსელთან. ბრიუსელის განმარტებით, პლატფორმა გამყიდველებსა და მყიდველებს აკავშირებს და სამხედრო დანიშნულებით გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის შეძენას ამარტივებს.
EPRC-ის კვლევაში მოყვანილია ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, Wildberries-ზე იყიდებოდა ისეთი ნივთებიც, რომელთა გამოყენება რუსეთის სამხედრო ძალებს შეუძლიათ. გამოცემა „მედუზამ“ პლატფორმაზე აღმოაჩინა სამხედრო საჭიროებებთან დაკავშირებული პროდუქციის შეთავაზებები, მათ შორის ჯავშანჟილეტები, დრონების კომპონენტები, ბატარეები და ღამის ხედვის მოწყობილობები.
Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი აცხადებს, რომ მსგავსი საქონელი სხვა გლობალურ სავაჭრო პლატფორმებზეც იყიდება, ხოლო კრემლმა კომპანიის საწყობების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება უარყო.
Wildberries-ის განცხადებით, ჯგუფს ევროკავშირში აქტივები და საქმიანობა არ აქვს და კიმის სანქცირება ოპერაციებზე გავლენას ვერ მოახდენს.
რა რისკებს ქმნის Wildberries-ის გაფართოება საქართველოსთვის
EPRC-ის კვლევა Wildberries-ის საქართველოში გაფართოებას რამდენიმე მიმართულებით შესაძლო რისკად აფასებს.
პირველი სანქციებს უკავშირდება. ტატიანა კიმის დასანქცირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიის საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებზე, საბანკო მომსახურებასა და პარტნიორებთან ურთიერთობაზე.
ეს რისკი მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვისაც, რომლებიც პლატფორმასთან თანამშრომლობენ ან მის ინფრასტრუქტურას იყენებენ.
მეორე საკითხი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაა. რუსთავთან მიწის შეძენა და სოფელ გამარჯვებაში საწყობის გამოყენება მიუთითებს, რომ კომპანია საქართველოში უფრო ფართო ოპერაციების შესაძლებლობას ქმნის.
თუმცა ამ ინფრასტრუქტურის საბოლოო დანიშნულება და ტვირთების გადაადგილების მიმართულებები ჯერ სრულად გამჭვირვალე არ არის.
მესამე საკითხი მომხმარებელთა პერსონალური მონაცემებია.
თუ Wildberries-ის ჯგუფი საქართველოში ტაქსის სერვისსაც აამოქმედებს, მას გაცილებით მეტი ტიპის პირად ინფორმაციაზე ექნება წვდომა – არა მხოლოდ მომხმარებლის შესყიდვებსა და მისამართებზე, არამედ ყოველდღიური გადაადგილების მონაცემებზეც.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია კომპანიის ადგილობრივი მფლობელების ბიზნეს- და პოლიტიკური კავშირები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოსგან მიწის პრივატიზაციასა და იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელსაც შესაძლოა რეგიონული მნიშვნელობაც ჰქონდეს.
EPRC-ის კვლევა არ ამტკიცებს, რომ საქართველოში უკვე მოქმედი Wildberries-ის ინფრასტრუქტურა რუსეთის სამხედრო მომარაგებისთვის გამოიყენება ან რომ რუსეთში დაზიანებული საწყობების ფუნქციებს აუცილებლად გადაიბარებს.
თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიის გაფართოების მასშტაბი, მისი მფლობელის სანქცირება და ქართული ოპერატორის კავშირები კითხვებს აჩენს, რომლებზეც პასუხები საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს.
Wildberries-ი საქართველოში საქმიანობას აფართოებს