სომხეთში, კავასაკის სინდრომის პირველი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებულ 4 წლის ბავშვს გამოუვლინდა
სომხეთში, კავასაკის სინდრომის პირველი შემთხვევა 4 წლის ბავშვს გამოუვლინდა. როგორც Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, დაავადება დაუდგინდა ბავშვს, რომელმაც კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა.
კავასაკის სინდრომი – ეს არის სისხლძარღვების კედლების ანთება მთელ სხეულში. ის, როგორც წესი, 8 წლამდე ბავშვებში ვლინდება. თუკი დაავადებას არ უმკურნალებ, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას. მაგრამ თანამედროვე მედიცინის პირობებში, ფაქტობრივად ყველა ბავშვი კარგად ხდება.
მინისტრმა დაწერა, რომ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში, ბავშვებში კავასაკის სინდრომის შემთხვევათა რიცხვის ზრდა შეინიშნება. სინდრომის წარმოშობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ ექიმები მას კორონავირუსს უკავშირებენ.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც კავასაკის სინდრომი დაუდგინდა, ექიმები საშუალოდ აფასებენ.
«საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვემზადებოდით და შევიძინეთ ძვირადღირებული იმუნოგლობულინური პრეპარატები. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება», – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.
სომეხი მინისტრი პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებსა და ორსულებთან დაკავშირებით. ადრე ის უკვე ლაპარაკობდა ბავშვებს შორის მსგავსი დაავადების არსებობის შესაძლებლობაზე:
«მართალია, ბავშვებს ადვილად გადააქვთ კორონავირუსი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ისინი დამატებითი საფრთხის წინაშე დავაყენოთ და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას».