შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. ამის შესახებ პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას:
“24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.“
● ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს
● “ევროკავშირს სურდა კომფორტი, მაგრამ მიიღო დამოკიდებულება რუსეთზე” – ბორელი ევროპის შეცდომებზე
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
აღსანიშნავია, რომ შალვა პაპუაშვილმა 24 ოქტომბერს წერილი მიწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს. კოქსსისადმი მიმართვა ოპოზიციამ უკვე შეაფასა ანტიდასავლურ გზავნილად.
წერილში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილზე დამატების გამო, ქართულმა ოცნებამ მხარი ვერ დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. როგორც პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს წერს, დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და “ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”.
როგორც პაპუაშვილი წერილში განმარტავს, რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი საქართველოს სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა.