"სააკაშვილზე ჩანაწერი ძირს უთხრის ევროსაბჭოს ფასეულობებს" - პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს მიმართავს
პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილზე დამატების გამო, ქართულმა ოცნებამ მხარი ვერ დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. როგორც პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს წერს, დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და “ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
რეზოლუციაში შესწორების სახით დამატება მოგვიანებით შევიდა, სადაც ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში “პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას.”
როგორც პაპუაშვილი წერილში განმარტავს, რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი საქართველოს სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა:
“ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● უკრაინული მიშა
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
ასევე, პაპუაშვილის თქმით, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და “ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით” განხორციელებულ რეფორმებში.“და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა” – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.