14 ნოემბერს, თბილისში, რიგით 48-ე შაბათის მარში გაიმართა. ტრადიციულად, ისევ ავლაბრის მოედნიდან პარლამენტამდე. ბოლო კვირებია, მარშს ერთი მთავარი გზავნილი აქვს – “საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ”.
„შაბათის მარშის“ ორგანიზატორების განცხადებით, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების გაკეთებიდან 2 წლის თავზე, ისინი დიდ მარშს გეგმავენ.
მსვლელობა და შეკრება კვლავ მეტრო „ავლაბართან” დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. ამის შემდეგ კი, მარშის მონაწილეები, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
“მზისა გაბეშია – მადლობა ბრძოლისთვის” – წერია ბანერზე, რომელიც მარშის მონაწილეს აქვს. დღეს, 14 ნოემბერს, მარტვილში დაკრძალეს 75 წლის მზისა გაბეშია, რომელიც მარტვილში თვეების განმავლობაში აწყობდა ერთი კაცის აქციას.
თბილისის პროევროპული აქციების მხარდასაჭერად, მზისა გაბეშია 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშობლიურ ქალაქ მარტვილში, მერიასა და საკრებულოს შორის ბანერებით იდგა და ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებდა.
ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მძიმე დაავადებას ებრძოდა. მასთან გამოსამშვიდობებლად, დღეს აქტივისტები თბილისიდან ჩავიდნენ მარტვილში.
ბოლო კვირებია, შაბათის მარშზე გამუდმებით გამოდის ახალგაზრდა პროგრამისტი ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი. ახალგაზრდა ქალი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყებებმა საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს.
ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა, ახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს და ყოველ ორშაბათს, პროკურატურასთან, აქციას მარტავს. “შვილმოკლული დედა გეძახით” – წერია ბანერზე, რომლითაც ხალხს მის მხარდასაჭერად ორშაბათის აქციაზე უხმობს.
აქციების უცვლელი მონაწილეა ახალგაზრდა მომღერალი სოფო ბათილაშვილი. გასულ კვირას, სასამართლომ ის, საპროტესტო სიმღერა “ოლე-ოლას” გამო, სამი ათასი ლარით დააჯარიმა. “ქართული ოცნება” ამ სიმღერას შეურაცხმყოფელად აღიქვამს, მასში გამოყენებული რამდენიმე უცენზურო სიტყვის გამო.