საქართველოში საარსებო მინიმუმი 224 ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში საქართველოში საარსებო მინიმუმი წლიურად 36.5 ლარით გაიზარდა და 224.2 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 7.9 ლარით არის შემცირებული.
ასევე, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.5 ლარი იყო, რაც 32.2 ლარით აღემატება 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს.
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით
ეს ქვეყნის ისტორიაში საარსებო მინიმუმის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტოს თვეში დაფიქსირდა და 221.1 ლარი შეადგინა.
საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, ეროვნული ბანკი მარტში წლიური ინფლაციის 6%-მდე შემცირებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდის გამო ინფლაციის შემცირება არ მოხდება ისე, როგორსაც ვარაუდობდნენ.
გვენეტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვალუტის კურსის სტაბილურობაც განაპირობებს, იმას რომ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება.
საქართველოში ძვირდება პროდუქტებიც. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 1 წელის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა და ამ გაძვირების ძირითადი მიზეზი სწორედ ინფლაციაა.
საქსტატისვე ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.
● “საქსტატის” მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
- ხორბლის პური – 250 გრამი
- სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
- ლობიო – 20 გრამი
- ბრინჯი – 10 გრამი
- წიწიბურა – 10 გრამი
- ძროხის ხორცი – 40 გრამი
- მაკარონი – 15 გრამი
- ღორის ხორცი – 20 გრამი
- რძე – 150 მილილიტრი
- ხაჭო -15 გრამი
- ყველი – 20 გრამი
- ნადუღი – 5 გრამი
- ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.