Washington Post: საქართველო ავტორიტარიზმისა და ირანთან დაახლოების გზაზეა
Washington Post საქართველოზე
ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების“ მზარდად ავტორიტარული ხელისუფლება სამხრეთ კავკასიაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ავტორები წერენ, რომ საქართველო, რომელიც წარსულში ვაშინგტონის ერთ-ერთ სანდო პარტნიორად მიიჩნეოდა, ახლა “ირანის ორბიტისკენ იხრება“.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბოლო ვიზიტს ერევანში, სადაც მან სომხეთთან სტრატეგიულ მინერალებზე შეთანხმებას მოაწერა ხელი და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდაჭერა დაადასტურა. სარედაქციო კოლეგიის შეფასებით, ეს ნაბიჯები აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას.
თუმცა, გამოცემის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა რჩება საქართველოს მიმართულებით განვითარებული პროცესები. სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ის “სანდო მოკავშირედ“ მიიჩნეოდა, სულ უფრო მეტად ატარებს “ანტიამერიკულ“ პოლიტიკას. მათი შეფასებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ხარჯზე ცდილობდა რუსეთთან და ირანთან კავშირების გაღრმავებას.
ირანის გავლენაზე საუბრისას ავტორები ეყრდნობიან ჰადსონის ინსტიტუტის ბოლო ანგარიშს. გამოცემის თანახმად, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ირანს შესაძლებლობა მისცა ქვეყანაში შეექმნა რელიგიური სკოლების, ახალგაზრდული და საქველმოქმედო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა გამოცემების ქსელი, რომლის სამიზნედაც საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი შიიტი მოსახლეობა სახელდება.
სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის გაღრმავების ფონზე, თბილისი ცდილობს რეგიონულ მოლაპარაკებებში საკუთარი ადგილის გამყარებას.
“ქართული ოცნება” უდავოდ შესთავაზებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტრანზაქციულ ურთიერთობას, მაგრამ ეს არის მთავრობა, რომელიც ღიად ცდილობს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერთან დაახლოებას“, – წერია სარედაქციო სტატიაში.
ავტორების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო კონსტრუქციული ნაბიჯების გარეშე, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენისა და პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლის შეწყვეტის გარეშე, საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველო მომავალ პარტნიორად განიხილოს.
“რატომ უნდა გააძლიეროს ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მზარდად ავტორიტარული ხელისუფლება, თუ მანამდე არ დაინახავს არსებით ცვლილებებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ თბილისს შეუძლია უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულოს, ვიდრე ამას ბოლო წლებში აკეთებდა?“ – წერს The Washington Post-ის სარედაქციო კოლეგია.