ჯაშუშობის ორი საქმე: სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ
ჯაშუშობის ორი საქმე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი, ირაკლი ჩიხლაძე და გულბაათ რცხილაძე დააკავა. უწყების ცნობით, ორივე საქმეზე გამოძიება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას უკავშირდება.
სუს-ის განცხადებით, დაკავებულები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ კონსპირაციული მეთოდებით, იყენებდნენ დაშიფრულ კომუნიკაციას და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან სისტემატურ კავშირს ინარჩუნებდნენ.
ორივე საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომელთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც მათ ბრალი ედებათ. ბრალდებულების ან მათი ადვოკატების პოზიცია ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი არ არის.
ვინ არიან დაკავებულები და რას ამბობს გამოძიება
ერთ-ერთ დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე, “ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტისა” და “სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” დამფუძნებელი და დირექტორია, მეორე საქმეში ბრალდებული გულბაათ რცხილაძე კი პრორუსული “ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
სუს-ის ვერსიით, ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული კონტაქტების გამოყენებით სისტემატურად აგროვებდა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ასევე ძალოვანი და უსაფრთხოების სტრუქტურების შესახებ.
გამოძიების თანახმად, ის ონლაინპლატფორმის საფარქვეშ მართავდა სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მისი წევრების საქმიანობას, ანაწილებდა უცხოეთიდან მიღებულ ფინანსურ რესურსებს და აკონტროლებდა დავალებების შესრულებას. სუს-ის მტკიცებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, იგი პერიოდულად სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობდა ინფორმაციის მოსაპოვებლად.
“სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ ძირითადად საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ე.წ. “სამოქალაქო მოსმენების“ ორგანიზებით იყო ცნობილი, განსაკუთრებით კონფლიქტებთან და რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე
ირაკლი ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

რაც შეეხება გულბაათ რცხილაძეს, სუს-ის განცხადებით, ის ერთდროულად ორი უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა.
უწყების ინფორმაციით, რცხილაძე წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარების მიზნით, აგროვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას, ხოლო უცხოური სპეცსამსახურების დაფინანსებით ქმნიდა საინფორმაციო პლატფორმებს და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას ახდენდა.
გამოძიების თანახმად, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრები როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმართებოდა, კონსპირაციისა და ინსტრუქტაჟის დაცვის მიზნით.
რცხილაძის სახელი წარსულშიც ფიგურირებდა კრემლთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებში. 2025 წელს გამოცემა “აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც მისი ორგანიზაციები რუსულ “პრავფონდთან“ იყვნენ დაკავშირებული.
ამავე პერიოდში რცხილაძე საქართველოში “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნის ინიციატორადაც სახელდებოდა. უცნობია, გაგრძელდება თუ არა ამ სტრუქტურის საქმიანობა მისი დაკავების შემდეგ.
