საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
ბოლო 1 წელის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა – საქსტატის მონაცემებით, პროდუტების გაძვირების მთავარი მიზეზი ინფლაციაა. ქვეყანაში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის ანტირეკორდია. წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე 1.3 პროცენტია.
საქსტატისვე ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.
2021 წლის ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 18.4%-ითაა გაზრდილი. მათ შორის:
ბოსტნეული და ბაღჩეული – ფასები გაზრდილია 43%-ით,
ზეთი და ცხიმი – ფასები გაზრდილია 31.6%-ით,
პური და პურპროდუქტები – ფასები გაზრდილია 19.4%-ით,
რძე, ყველი და კვერცხი – ფასები გაზრდილია 18.2 %-ით,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – ფასები გაზრდილია 18%-ით
თევზეული – ფასები გაზრდილია 16%-ით,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – ფასები გაზრდილია 13.0%-ით,
ხორცი და ხორცის პროდუქტები – ფასები გაზრდილია 11.2%-ით,
ხილი და ყურძენი – ფასები გაზრდილია 9.3%-ით,
ყავა, ჩაი და კაკაო – ფასები გაზრდილია 6.4%-ით.
გასული წლის ოქტომბერთან შედარებით კი ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13.9%-ითაა გაძვირებული.
● ურბანული ბაღჩა თბილისში
● “საქსტატის” მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა ღვინის ექსპორტიც საქართველოდან. წელს საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რამაც ჯამში 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია, 19 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.