ირანის გავლენა საქართველოში: რას ამტკიცებს ახალი კვლევა და რატომ დაიწყო სუსმა ავტორების შესწავლა
დაპირისპირება ირანის თემაზე
ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოში „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენას. ანგარიშის ავტორები საუბრობენ რელიგიური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ქსელების გაძლიერებაზე, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შეფასებებს უარყოფენ. დისკუსია ახალი ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ კვლევების ავტორებისა და ირანის გავლენებზე საჯაროდ მომუშავე პირების „მოტივაციებს“ სწავლობს.
რა წერია ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაში
კვლევა, სახელწოდებით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“, 3 მარტს გამოქვეყნდა.
მისი ავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი.
ავტორების შეფასებით, საქართველო ბოლო წლებში დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსიდან ნაწილობრივ გადაუხვია და პარალელურად გაიზარდა ურთიერთობები იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც ვაშინგტონი კონკურენტებად ან მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს.
„პარტია „ქართული ოცნების“ მეთაურობით, მთავრობა უფრო ავტორიტარული გახდა და ამავდროულად, აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან – კერძოდ, რუსეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან – უფრო მჭიდროდ დაახლოვდა“.
ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ირანი საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური კავშირების გაღრმავებით არ შემოიფარგლება და ქმნის მრავალშრიან ინფრასტრუქტურას, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფზეა მიმართული.
„თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.
როგორ აღწერს კვლევა ირანის გავლენის მექანიზმებს
კვლევის თანახმად, ირანის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ეთნიკური აზერბაიჯანელი შიიტი მოსახლეობაა, რომელიც ძირითადად ქვემო ქართლში ცხოვრობს.
ავტორები აღწერენ რამდენიმე მიმართულებას, რომლის მეშვეობითაც, მათი აზრით, თეირანი გავლენის გაძლიერებას ცდილობს: რელიგიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტები, მედრესეები და ახალგაზრდული ქსელები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, მედია პლატფორმები, რელიგიური ღონისძიებები და საერთაშორისო მოგზაურობები.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქართულ წარმომადგენლობას. უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ 2020 წლიდან, ხოლო კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლიდან იმყოფება.
„რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორიცაა „აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის ფილიალები“ და „აშშ-ს მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას“.
ავტორები ასევე საუბრობენ მედრესეების, ახალგაზრდული ქსელების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე. მათი შეფასებით, ეს სტრუქტურები ირანის რბილი ძალის ნაწილია და გავლენის გავრცელებას ემსახურება.
ეკონომიკა და სანქციების გვერდის ავლის რისკები
ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება.
ავტორების შეფასებით, ირანი ცდილობს საქართველო გამოიყენოს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების სქემებისთვის.
„ეკონომიკური შეღწევადობისა და სანქციებისგან თავის არიდების ქსელების მეშვეობით, ირანი ცდილობს საქართველო სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად აქციოს“.
ამ კონტექსტში მოხსენიებულია ირანული კომპანიების რაოდენობის ზრდა და 2022 წლის შემდეგ სავაჭრო კავშირების გაფართოება.
რადიო თავისუფლების მიერ ადრე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 13 ათასი ირანული კომპანიაა რეგისტრირებული. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ასევე აჩვენა შემთხვევები, როდესაც ასობით კომპანია ერთ მისამართზე იყო რეგისტრირებული, თუმცა მათი საქმიანობის კვალი ადგილზე არ იძებნებოდა.
ირანის ეკონომიკური აქტივობების საკითხი საერთაშორისო დონეზეც გაჩნდა. 2026 წლის თებერვალში ბრიტანეთის თემთა პალატაში კონსერვატორმა დეპუტატმა მარტ პრიტჩარდმა განაცხადა:
„არსებობს სანქციების დარღვევისა და მათთვის თავის არიდების პოტენციალი, ეს ფული ირანის რეჟიმს კვებავს“.
რატომ გახდა კვლევა პოლიტიკური დავის საგანი
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ირანის გავლენების საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტზე საუბრისას განაცხადა:
„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავითარი უნივერსიტეტი არ არის, ეს არის ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ ადამიანებს „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ სულისკვეთებით“.
მმართველი პარტიის ლიდერებმა კი მსგავსი შეფასებები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობად შეაფასეს.
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა:
„ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულები. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან“.
მისი თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ.
სუსის პასუხი და გამოძიება
დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სწავლობს როგორც საჯარო განცხადებების შინაარსს, ისე მათი ავტორების მოტივაციას.
სუსის განცხადებით:
„დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით“.
ამავე დროს, უწყებამ მედიას მოუწოდა, „არსებულ პერიოდში“ თავი შეიკავოს ისეთი თემების აქტიური გაშუქებისგან, რომლებიც, მისი შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ შეესაბამება.
სუსმა ასევე აღნიშნა, რომ „სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას“ და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი პროცედურებით ამუშავებს.
რას პასუხობს ხელისუფლება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სისტემატურად უარყოფენ ბრალდებებს, რომ საქართველო რუსეთთან, ჩინეთთან ან ირანთან პოლიტიკური დაახლოების გზით დასავლური კურსიდან გადადის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაისში განაცხადა:
„როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი“.
ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა, რომ საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების საფუძველზე განისაზღვრება და არა რომელიმე სახელმწიფოს გავლენით.
ბექგრაუნდი
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანის საკითხი არაერთხელ გახდა პოლიტიკური და მედიური დისკუსიის საგანი.
საჯარო განხილვის თემად იქცა ირანთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში, ირანული კომპანიების ზრდა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობა, ირანის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკები, ასევე ირანის მაღალი რანგის რელიგიური და პოლიტიკური წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში.
ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა ამ დისკუსიას ახალ საერთაშორისო განზომილებას აძლევს. თუმცა ამ ეტაპზე მისი მთავარი დასკვნები ხელისუფლების მიერ არც გაზიარებულია და არც ოფიციალურად უარყოფილი დეტალური არგუმენტებით. ამის ნაცვლად, პოლიტიკური ყურადღების ნაწილი თავად კვლევის ავტორებსა და მათი მოტივების განხილვაზე გადავიდა.
)))))))
ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გამოეხმაურა “სოვლაბის” (“საბჭოთა კვლევის ლაბორატორია”) მკვლევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებებსა და მისი თანაავტორობით მომზადებულ კვლევას, რომელშიც კანდელაკი ლუკ კოფთან ერთად ამტკიცებს, რომ ქცეყანაში ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები იზრდება.
“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეს შეფასებები დეზინფორმაციად და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ კამპანიად შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კანდელაკის განცხადებებს “ღალატის ფორმულა“ უწოდა, ხოლო მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მსგავსი ბრალდებები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დაზიანებას ისახავს მიზნად.
კობახიძემ ასევე მიანიშნა, რომ გიორგი კანდელაკით შესაძლოა ” შესაბამისი უწყებები” დაინტერესდნენ.
“ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული.
რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5 პროცენტი, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავად კანდელაკი კი ამბობს, რომ ირანის გავლენა საქართველოში საგანგაშო მასშტაბს აღწევს და ამ საკითხზე დასავლეთის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო.
რა მოხდა
კვლევა სათაურით “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში“ 3 მარტს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ბოლო წლებში “მკვეთრად გაიზარდა“, გარკვეულ სფეროებში კი უკვე “სისტემური“ გახდა. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს მოსკოვთან დაახლოებას.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარემოზეც – ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ზრდის სამართლებრივ ზეწოლას პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და ძირს უთხრის საქართველოს ტრადიციულ პარტნიორობას დასავლეთთან.
კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 7 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა რამდენიმე პოლიტიკოსი და ექსპერტი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, კვლევის თანაავტორი გიორგი კანდელაკი, ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯონ უოლტერსმა “სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის გამო, რომელიც ქვეყანაში ირანის გავლენის ზრდას ეხება.
უოლტერსის თქმით, კვლევა ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ და გადამოწმებულ ინფორმაციას და ის ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების სრული დაცვით არის მომზადებული. მისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
კვლევის თანაავტორის გამოხმაურება
გიორგი კანდელაკი ძირითადად ამტკიცებს, რომ საქართველოში ირანთან დაკავშირებული რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავისუფლად მოქმედებენ და, მისი აზრით, ეს უკვე მხოლოდ კულტურული ან რელიგიური აქტივობა აღარ არის, არამედ ეს არის ირანის სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების გავლენის ქსელი.

გიორგი კანდელაკი: “აქ, უბრალოდ, რამდენიმე ფაქტი ამოვკრიბე, რამდენიმე კი რეპორტის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. ყველაფერი რაც ანგარიშშია საჯაროდ ცნობილი ინფორმაციაა. ბევრი სხვა ფაქტის ნახვა საკუთრივ ანგარიშში შეიძლება, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის საიტზე დევს და რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია.
ფაქტი 1. საქართველოში ფუნქციონირებს ირანის მთავრობის მიერ დაფინანსებული ალ მუსტაფას უნივერსიტეტი სამი ფილიალით, გარდაბანში, მარნეულში და თბილისში (ფონიჭალაში), მაშინ როცა რერჟიმი ხურავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ფაქტი 2. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი სანქცირებულია ამერიკის მთავრობს მიერ, 2020 წლის შემდეგ, ირანის უშიშროების მიერ მისი სტუდენტების ინდოქტრინაციის და რეკრუტირების გამოყენებისთვის, აშშ აღმასრულებელი ბრძანებით 13244 (გვ. 17) ამერიკის ხაზინის თანახმად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალები უნივერსიტეტს იყენებს უცხოეთის უნივერსიტეტებთან სტუდენტთა გაცვლებისთვის უცხოელი სტუდენტების ინდოქტრინაციის და რეკრუტირების მიზნით.“ (იქვე)
ფაქტი 3. ამ უნივერსიტეტის ერთმა „აკადემიური“ თანამდებობის პირმა, მოშენ რაბანიმ, ებრაული სათემო ცენტრი ააფეთქა არგენტინაში და 88 კაცი მოკლა. მეორე, სეიდ მოჯთაბა ჰოსეინი ნეჯადი, მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას აორგანიზებდა (FDD, 2 დეკემბერი, 2025).
ფაქტი 4. ამ უნივერსიტეტში არც თუ ცოტა, ძირითადად, ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქე სწავლობს. უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა კონფერენციებსაც ატარებს. ერთ-ერთ მათგანს 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და უნივერსიტეტის ცენტრალური მმართველი საბჭოს წევრი, ზემოთხსენებული მოშენ რაბანის კოლეგა და მოგვარე სეიდ ჰასან რაბანი დაესწრო (გვ. 19). თუ სხვაგან იყენებენ ამ უნივერსიტეტს ირანის სპეცსამსახურები რეკრუტირებისთვის – საქართველოში არ იყენებენ?! ის რომ ალ მუსტაფას არ აქვს ავტორიზაცია და აკრედიაცია მართალია, თუმცა მერე რა?! ის ხომ არსებობს და ფუნქციონირებს.
ფაქტი 5. საქართველოში ფუნქციონირებენ ირანული ვითომ არასამთავრობო, სინამდვილეში კი სამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები რომელთაც აშშ. და სხვა დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ ირანის სპეცსამსახურების საფარად (გვ 23). ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა აჰლ ალ ბეითის მფსოფლიო ასამბვლეა (იგივე აჰლიბეითი), რომელიც საქართველოში ადრეც არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მოძლიერდა. ეს ორგანიზაცია პირდაპირაა დაკავშირებული ხეზბოლასთან. ხეზბოლას აწ გარდაცვლილი ლიდერი ჰასან ნასრალა პირდაპირ აჰლიბეითის ბორდის წევრი იყო. თუ ამერიკის მთავრობა გადაწყვეტს რომელიმე არასამთავრობოს გრანტი მისცეს, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ექვს წელ ციხეს ითვალისწინებს, ეს ირანული ორგანიზაციები კი უპრობლემოდ მუშაობენ.
ფაქტი 7. საქართველოში ხუთდღიანი ვიზირით ჩამოსული იყო აჰლი ბეითის პრეზიდენტი აიათოლა ალი რამეზანი. მანამდე, ის 9 წელი ხელმძღვანელობდადა ჰამბურგის ისლამურ ცენტრს რომელიც 2023 წელს გერმანიის შსს-მ რეიდით დახურა. გერმანიის მაშინდელი შსს მინისტრის ნენსი ფაესერის თქმით, ეს ცენტრი ახდენდა „ისლამისტურ-ექსტრემისტული ტოტალიტარული იდეოლოგიის პოპულარიზაციას გერმანიაში. ეს ისლამისტური იდეოლოგია ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას“ (გვ. 25). მისივე თქმით, ცენტრი „პირდაპირ იყო დაკავშირებული ხეზბოლასთან და ახდენდა აგრესიული ანტისემიტიზმის გავრცელებას“ (იქვე). აი ამ ცენტრის შემქმნელი საქართველოში იყო ჩამოსული ხუთდღიანი ვიზიტით, ჩაატარა არაერთი საჯარო შეხვედრა, ჩაიბარა ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციების ანგარიშები და გასცა ინსტრუქციები. ყველაფერი საჯაროდ. მან, ასევე, საჯაროდ განაცხადა რომ საქართველო უნდა იქცეს აჰლიბეითის რეგიონულ ბაზად და ასევე აღნიშნა რომ შემუშავებულ უნდა იქნას 10 წლიანი სტრატეგია.
ფაქტი 8. ამ ორგანიზაციასთან პირდაპირაა დაკავშირებული თბილისის აჰლიბეითის მეჩეთი ფონიჭალაში სადაც რეგულარულად იმართება პოლიტიკური შინაარსის პროირანული ღონისძიებები. ერთი მაგალითი – სწორედ ამ მეჩეთში წელს, 21 მარტს, ჩატარდა აიათოლა ხამენეისადმი მიძღვნილი ღონისძიება რომელსაც ბავშვები ესწრებოდნენ და რომელთაც ახუნდი რახიდ ქერიმოვი „ისლამის მტრების წინაშე ვალდებულებებზე ესაუბრა“ (ტაბულა, 21 მარტი, 2026).
ფაქტი 7. ჩვენს ქვეყანაში, აჰლი ბეითის გარდა კიდევ მრავალი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მაგალითად, იმამ ალის ფონდი, ალულ ბეითი და აშ. ისინი რეგულარულად ატარებენ მსგავსი სახის ღონისძიებებს, მაგალითად ჰასან ნასრალასადმი მიძღვნილ კონფერენციებს (გვ 30-31).
ფაქტი 8. საქართველოს მოქალაქე რომელიც სწავლობდა ამ ქსელში შემავალ ერთ-ერთ დაწესებულებაში და, შემდეგ, ორი წელი ირანში, დააკავეს საბერძნეთში აშშ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობისთვის (რადიო თავისუფლება, 11 მარტი).
ფაქტი 9. ყველა ეს და მსგავსი ორგანიზაცია აკრძალულია აზერბაიჯანში.
ჩვენს რეპორტში ბევრად მეტი ფაქტია მოყვანილი, ვისაც აინტერესებს, მათ შორის ჟურნალისტებს, შეუძლია გაეცნოს – რეპორტი მარტის შემდეგ დევს ჰადსონის ინსტიტუტის საიტზე. „სამართლებრივ რეაგირებას“ საჭიროებს არა ეს რეპორტი, რომელიც საჯაროდ ცნობილი ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საკუთრივ პრობლემა, რომელიც ხელის გულზეა.”