თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციური ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტისკენ მსვლელობით დაიწყო და რუსთაველის გამზირზე დასრულდა.
აქციას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბოლო თვეების განმავლობაში.
ცხრა ოპოზიციური ძალისგან შემდგარი ალიანსის მთავარი გზავნილი იყო ხელისუფლების კურსის წინააღმდეგ ერთიანი პროტესტი და ახალი კამპანიის – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ – დაწყება.
ალიანსში შემავალი „ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ოპოზიციური კამპანია მთელ ქვეყანას მოიცავს და ახალი დემოკრატიული არჩევნებით დასრულდება.
ოპოზიციონერების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
ალიანსის გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები – მათ შორის „ლელო”, „გირჩი” და „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგრნლები – აქციას არ დასწრებიან.
აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის დაცვა ერთობაზეა დამოკიდებული.
დღემ ხელისუფლებასთან დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. პოლიციამ ალიანსს პარლამენტის შენობასთან ხმოვანი ტექნიკის შეტანის უფლება არ მისცა.
თუმცა, მოგვიანებით, მსვლელობის დაწყების შემდეგ, ორგანიზატორებმა პარლამენტთან მაინც შეძლეს გახმოვანების მოწყობა და მონაწილეებისთვის მიმართვა.
აქციის დასრულების შემდეგ პოლიციამ გააჩერა სატვირთო, რომლითაც აქციაზე დინამიკები და გენერატორი მიიტანეს. მძღოლი 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ერთი წლით შეუჩერეს.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქტიობა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან გრძელდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.