"გათვლაა, ადამიანებმა თავს თვითცენზურა დაუწესონ" — მოსაზრება ე.წ. “სქროლვა-სქრინვის” სამმართველოზე
“სქროლვა-სქრინვის” სამმართველო
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს (ე.წ. “სქროლვა-სქრინვის” სამმართველო) ფუნქციონირების დაწყებას და განაცხადა, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ამას უფრო მსუსხავი ეფექტი ექნება, ვიდრე რეალური. მისი თქმით, ხელისუფლების გათვლაა, რომ ადამიანებმა თავს თვითცენზურა დაუწესონ.
ექსპერტის შეფასებით, ეს ნაბიჯი მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნებისთვის მზადებას მიუთითებს, რადგან არჩევნების წინ არეალი მოსუფთავებული იყოს, რომ მათი ლანძღვა მინიმუმამდე დავიდეს და დისკრედიტირებულები არ იყვნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო. უწყების განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენა იქნება. რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს.

პაატა ზაქარეიშვილი: “ამ შემთხვევაში ჯოხს ორი მხარე აქვს, შენ ვერ დასჯი სხვას, ვიდრე შენ თვითონ დემოკრატიულობას თამაშობ. ესენი ცდილობენ, რომ ავტორიტარული რეჟიმი გააფორმონ, დემოკრატიული ნიშნებით. აქ გათვლაა, რომ ადამიანებმა თვითცენზურა დაიწყონ. შესაძლოა სამაგალითოდ 1-2 ადამიანი დაიბარონ, გააფრთხილონ. მაგრამ მეორე მხარეც არის – ჩვენ უფრო მეტად უნდა გავხდეთ დაკვირვებულები და არ ვაპატიოთ არცერთ “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსს რაიმეს წამოცდენა.
ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ ჩვენი სიძლიერე. ფანტასტიკური რამ მოხდა გორში, როდესაც გადაიღეს ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება პოლიციელებმა და უცებ ეს საჯარო გახდა და იძულებულები გახდნენ, რომ რეაგირება ჰქონოდათ. შემდგომ ამას სამარცხვინო განცხადებები მოჰყვა, მაგალითად წულუკიანი, რომ “თუ კლავთ და ცემთ ადამიანს, ისე გააკეთეთ, რომ სხვებმა არ დაგინახონ, თორემ თქვენივე რეპუტაცია ირღვევაო.
ჩვენ უფრო მეტი კამერა გვაქვს და უფრო მეტი რამის დაფიქსირება შეგვიძლია. უნდა მოვაგროვოთ ფაქტები, ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის გასამართლება მოგვიწევს, ამიტომ ფატებია საჭირო.
ამ ნაბიჯით მმართველი პარტია არჩევნებისთვის ემზადება, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, მიდიან თუ არა ამ ტიპის არჩევნებში. ამიტომ, [მმართველ პარტიას] სჭირდება, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ თავიანთი დისკრედიტაცია.
რაც არ უნდა არარაობამ ლანძღოს “ქართული ოცნება“, ეს უარყოფითად მოქმედებს ამომრჩევლებზე, მითუმეტეს ამ ლანძღვის დროს, შესაძლოა, რომ მლანძღველმა ფაქტები მოიტანოს. შესაბამისად არჩევნებისთვის მათ ეს არ აწყობთ, ამიტომ უნდათ, რომ არჩევნებისთვის არეალი მოასუფთაონ, რომ მათი ლანძღვა მინიმუმამდე დავიდეს და დისკრედიტირებულები არ იყვნენ.
მათ უნდათ, რომ დღეს კარგად გაიმყარონ პოზიციები. “ქართულმა ოცნებამ“ უნდა შექმნას მითი, რომ ის პრორუსული ძალა არ არის. ადრე ახალგორელი ბიჭი დაიჭირეს, ახლა რცხილაძე, რომელიც პრორუსი ფიგურაა, ასევე ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ჩანს, რომ ისინი განტევების ვაცს ეძებენ.
მაგრამ რუსეთს ეს ხალხი ფეხებზე ჰკიდია, რადგან არ არიან მათი აგენტები. ჟურნალისტი როგორ შეიძლება აგენტი იყოს, რა წვდომა აქვს ჟურნალისტს საიდუმლო დოკუმენტებთან? რომც მოიპოვოს, ესე იგი ეს მას ვიღაცამ გადასცა და ის ვიღაც უნდა დააპატიმრო.
ამ დროს, კი შენ აპატიმრებ ადამიანს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საიდუმლო დოკუმენტებთან და ამავე დროს, არ ეძებ ადამიანს, ვისაც ეს დოკუმენტები შესაძლოა მიეცა? ეს ყველაფერი გამიზნულია მიამიტ ამომრჩეველზე. ეს მკაფიოდ გამოკვეთილი ანტირუსული პროპაგანდის შექმნაა, როგორც “გარეჯი – საქართველოა“, როგორც “გლობალური ომის პარტია“, “დიფ-სთეითი“ და ახლა, ახალ ლოზუნგს შემოაგდებენ არჩევნების წინ.“