გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გაზიარება
გაზიარება
გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა
გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გამოცემა “ქართლის ამბებმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს რამდენიმე პოლიციელი მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, “ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, ხოლო გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიაწვდიან ინფორმაციას.
კანონის აღნიშნული მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გადამეტებას ეხება და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც გავრცელებულ კადრებს “შემაშფოთებელი“ უწოდა და პროკურატურას საქმის ობიექტური და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველი გმობს სამართალდამცავების მხრიდან „ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“ და საქმეზე მიმდინარე გამოძიებას მანდატის ფარგლებში დააკვირდება.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გორში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოკადრები “აბსოლუტურად მიუღებელია“.
“მე ეს კადრები ვნახე. აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება. საზოგადოება ამაზე ინფორმირებული იქნება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.