საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.
პანდემიის დაწყების დღიდან ასევე გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაც. ანუ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოს სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა.
2020 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებული იყო 921 430 ადამიანი. ოქტომბერში კი ამ მაჩვენებელმა 993 935 შეადგინა.
სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი თვლის თავს გაჭირვებულად და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.
როგორ იცვლებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით (წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო):
- თებერვალი – 440 330 (მთლიანი მოსახლეობის 11,8%)
- მარტი – 458 468 (მთლიანი მოსახლეობის 12,3%)
- აპრილი – 475 132 (მთლიანი მოსახლეობის 12,7%)
- მაისი – 483 793 (მთლიანი მოსახლეობის 13%)
- ივნისი – 486 062 (მთლიანი მოსახლეობის 13%)
- ივლისი – 487 790 (მთლიანი მოსახლეობის 13,1%)
- აგვისტო – 493 088 (მთლიანი მოსახლეობის 13,2%)
- სექტემბერი – 502 258 (მთლიანი მოსახლეობის 13,5%)
- ოქტომბერი – 510 343 (მთლიანი მოსახლეობის 13,7%)
________________________________