EPP-ს რეზოლუციის პროექტი: დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს
სანქციები ბიძინა ივანიშვილს
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს და რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას ეხება, “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს. ასევე, მედიის ცნობით, საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზე.
როგორც განცხადებაში წერია, რეზოლუციის მეხუთე პუნქტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს განიხილონ ის, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, “ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს”.
ასევე, პროექტი ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ, რათა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
რადიო თავისუფლების ცნობით, EPP-ს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში.
დღეს გავრცელდა “რადიო თავისუფლების” კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.
ხოლო გუშინ გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენეს და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი მიმართვა ქართველ ხალხს, სადაც დეპუტატები ამბობენ, რომ თუ ადრე საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიციებზე იდგა, ახლა ვითარება შეცვლილია და ის საკმაოდ მუქ ფერებში გამოიყურება.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველაფერი შეიძლება მივიდეს წერტილამდე, როცა ქართველ ხალხს მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ რას ირჩევს – ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილით და ქართული ოცნებით ქვეყნის სათავეში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.