ონლაინ ოპერები, კონცერტები და ექიმების ცეკვები. როგორ ერთობიან სომხეთის მცხოვრებლები კარანტინში
სომხეთის მოქალაქეებისთვის კარანტინის „გადაგორებაში“ რამენაირად დასახმარებლად ადგილობრივი თეატრები და ორკესტრები, კულტურის მინისტრის ხელმძღვანელობით, ონლაინ კონცერტების და წარმოდგენების ორგანიზებას ახდენენ.
როგორც აღმოჩნდა, თეატრალური დადგმები და კლასიკური მუსიკის კონცერტები ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ნახვების რაოდენობით მათ წარმატებით უწევს კონკურენციას იმის ამსახველი ვიდეოები, თუ როგორ ატარებენ თავიანთ იშვიათ თავისუფალ წუთებს ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულების გადარჩენით არიან დაკავებულები.
სომხეთში 7 აპრილისთვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა – 853. მათ შორის 87 გამოჯანმრთელდა, რვა ადამიანი გარდაიცვალა. 16 მარტიდან 14 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
- სომხეთი: კორონავირუსი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ
- სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად მატულობს, საავადმყოფოებში ადგილები არასაკმარისია
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ არა ხზმალიანმა 7 აპრილს წარმოადგინა სტატისტიკა, თუ რამდენად პოპულარულია სომხეთში ონლაინ პლატფორმებზე კულტურული ღონისძიებები.
მაგალითად, ოპერისა და ბალეტის აკადემიურმა თეატრმა YouTube-ზე თითქმის 840 ათასი ნახვის დაგროვება შეძლო. თეატრმა ქსელში თავის 6 წარმოდგენა ატვირთა, და ყოველგვარი რეკლამის გარეშე, ბოლო რამდენიმე დღეში არხს კიდევ 5 ათასი ხელმომწერი დაემატა.
სომხეთის 40 ათას მაცხოვრებელზე მეტმა ამ დღეებში ნახა ონლაინ პიესა, რომელიც გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის აკადემიურ თეატრში დადგეს.
უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ეროვნული ფილარმონიის ორკესტრის კონცერტები, რომელიც ახლა ქსელში სოლო და კამერული კომპოზიციების ჩანაწერებს აქვეყნებს. კონცერტების დაწყებამდე მუსიკოსები აუცილებლად მიმართავენ მაყურებლებს, და მათ შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
როგორ ისვენებენ ექიმები
Facebook-ის სომხურ სეგმენტში ბოლო დროს სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ტელეფონით გადაღებული სამედიცინო მუშაკების ცეკვები. სოციალურ ქსელში ამ ვიდეოებს, ჰეშთეგის ՄնաՏանը (დარჩი სახლში) თანხლებით, ან რიგითი მომხმარებლები აქვეყნებენ ან თავად ექიმები.
ერთ-ერთი პირველი ასეთი ვიდეო იყო „სასწრაფო დახმარების“ ექიმების ცეკვა.
„მათი სიხარულის ან სევდის მიზეზი – ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ძვირფასო ექიმებო და კოლეგებო, თქვენი მუშაობა ფასდაუდებელია, რადგან თქვენ დღე და ღამე მუშაობთ და აპლოდისმენტებს იმსახურებთ, დაე მეტი სიხარულის მიზეზი გქონოდეთ“, – წერს ვიდეოს ავტორი.
მეორე ვიდეომ, სადაც მედიცინის მუშაკები დამცავი კოსტუმებით სომხურ ეროვნულ ცეკვას „კარნო კოჩარი“-ს ცეკვავენ, წამებში მიიღო ათას ხუთაზე მეტი გაზიარება.
7 აპრილის სპონტანურ ფლეშმობს ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანიც შეუერთდა.
თავის გვერდზე მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოხალისე მედიკოსები არამ ხაჩატურიანის ბალეტის „მასკარადის“ მუსიკაზე ვალსს ცეკვავენ.
„ვამაყობ ჩვენი ექიმებითა და მოხალისეებით“, – წერს მინისტრი.