თეთრი სახლი: მოვუწოდებთ მთავრობას, მოეპყრას სააკაშვილს სამართლიანად
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ომბუდსმენის რეკომენდაციები და მოეპყრას სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას, მისი დაკავების დღიდან, 1-ელი ოქტომბრიდან. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედვლო სამუშაოს, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ციხის სამედიცინო დაწესებულების შემფასებელი დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნას.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მოეპყრას სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ.
საქართველოს მთავრობას ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ, უზრუნველყონ სააკაშვილის დასწრება მის განხილვაში მყოფი სისხლის სამართლის საქმეების ყველა სასამართლო სხდომაზე. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს შესაძლებლობას დაესწროს სასამართლო სხდომებს, თუ ის ამას მოითხოვს”, – წერია განცხადებაში.

● სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია – რა წერია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა და წაიქცა, ბადრაგმა ის საკაცით რეანიმაციულ განყოფილებაში აიყვანა. მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმთა ჯგუფი და დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო და მიხეილ სარჯველაძე.
ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა – რომელიც უკვე 50-ე დღეა შიმშილობს – კრიტიკულია და საჭიროებს სასწრაფოდ პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, ხოლო დეპუტატების თქმით, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ დამძიმების შემთხვევაში მოხდება მისი კლინიკაში გადაყვანა.
აღსანიშნავია რომ გუშინ, 17 ნოემბერს, გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ:
პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი 16 ნოემბერს შექმნა, იმავე დღეს ექიმების ჯგუფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ციხეში შევიდნენ.
ასევე, 10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.