ხალხის ძალა: თუ პატრონები სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ, მისი მოშორების გეგმა რჩება
ხალხის ძალა სააკაშვილზე
“ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ თუ “პატრონები” სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ შეძლებენ, მაშინ მისი, “როგორც ოქროს მოწმის მოშორების გეგმა” რჩება. მათივე განმარტებით, სააკაშვილი მის “პატრონებს” აშანტაჟებს და ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან და 2021 წელს საქართველოში “ჩამოსვლასთან დაკავშირებით სიმართლეს” იტყვის.
“მიხეილ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს იმაზე საუბარს, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, საქართველოს მომავალი განსაზღვროს. ამ თემაზე საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. რამდენადაც ვიცით, სააკაშვილის პატრონებს იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება. აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოყვება, არამედ, შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B – სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”. – აცხადებენ “ხალხის ძალაში.”
დეპუტატები ამბობენ, რომ სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი “პატრონები” 2 კურდღელს დაიჭერენ.
“პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება”. – წერია განცხადებაში.
“ხალხის ძალა” ხელისუფლებას “მაქსიმალური სიფრთხილისკენ” მოუწოდებს, რათა მათივე თქმით, სააკაშვილის “პატრონებს” არც ერთი ამ გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
გამიჯნულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება 26 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ე.წ. გამიჯნულები ამბობენ, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს.