ოცნებიდან გასული დეპუტატები: არ გვინდა, ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში
ოცნებიდან გასული დეპუტატები
“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართავენ და ამბობენ, რომ არ უნდათ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.”
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეურაცხყოფას და თავდასხმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩ დეგნანს სახდეპის სრული მხარდაჭერა აქვს.
ნედ პრაისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ მუშაობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
აღსანიშნავია, რომ ნედ პრაისმა პრესკონფერენცია საქართველოსა და დეგნანის საკითხზე განცხადებით დაიწყო – საკუთარი ინიციატვიით და ჟურნალისტის შეკითხვის გარეშე.
წერილში დეპუტატები საუბრობენ რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს “ომში ჩათრევაზე”, და ამავდროულად ამტკიცებენ, რომ ოპოზიციამ ქვეყანაში “ომის პროპაგანდა” დაიწყო, რასაც, მათივე სიტყვებით, აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი არ გაემიჯნა. სამივე დეპუტატი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ მხარედ აღიქვამენ:
“ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე.“
მათი განმარტებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას “მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული.” მათი თქმით, მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას მისი ლობისტების მიმართ.
“დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!” – წერენ დეპუტატები.
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.”