გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს - მხოლოდ პერსპექტივა
უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი საქართველოს – არა
გადაწყვეტილება მიღებულია: ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე ქართულ ენაზე დაწერა:
“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.”
ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე წერს:
„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. რუსული იმპერიალიზმის წინაშე აძლიერებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. და ეს აძლიერებს ევროკავშირს.“
გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:
“ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მტკიცედ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს.”
დღეს ევროკავშირმა 17 ივნისს მიღებული ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა აღიარა.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ასევე ძალაში დატოვა 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება პირველი რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ის ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.