კელი დეგნანი: დამაბნეველია მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც პარტნიორობას ძირს უთხრის
კელი დეგნანი გამიჯნულებზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დამაბნეველია მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. ეს განცხადება დეგნანმა “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების შესახებ გააკეთა, რომელთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გუშინ დატოვა მმართველი პარტია.
“ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს – მოძრაობა “ხალხის ძალას” მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატი გუშინ შეუერთდა.
მოძრობას უერთდებიან დეპუტატები: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
ასევე, მოძრაობას შეუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ე.წ. სამთავრობო ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში უმრავლესობა ფორმალურად დაკარგა.
“ვფიქრობ, ქართულ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დამაბნეველია ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე, ვინც, როგორც ჩანს, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. პრემიერმინისტრი და სხვები საუბრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.” – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და “კონსპირაციაა ჩვენ გარშემო.” თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა:
“ასევე ვიტყოდი, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ.”
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა განსაკუთრებით გასაკვირი იყო, ვინაიდან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას კრიტიკული როლი აქვს ჯანსაღ დემოკრატიაში.
“ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ესაა მათი როლი, რომ დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.” – ამბობს კელი დეგნანი.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს – იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, დაბინძურებასთან ბრძოლა, დასაქმებულების უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება:
“სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის კარგი სამუშაო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ.”
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.”
ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მათი ერთ-ერთი ბოლო განცხადება 26 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ე.წ. გამიჯნულები ამბობენ, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს.