"საქართველოს შეუძლია იყოს აშშ-ის პარტნიორი ან დარჩეს რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში" — ინტერვიუ ჯეიმს კარაფანოსთან
ინტერვიუ ჯეიმს კარაფანოსთან
აშშ–ს კონსერვატიულ საგარეო პოლიტიკურ წრეებში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ჯეიმს კარაფანო ამბობს, რომ ვაშინგტონს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა თბილისს ამისთვის მხოლოდ კეთილგანწყობა არ ეყოფა. მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას “ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათს“ არ მისცემს და პარტნიორობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაღრმავდება, თუ თბილისი ორმხრივად სასარგებლო, ხელშესახებ შედეგებს შესთავაზებს.
Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, რომელიც 18 ივნისს ჩაიწერა, კარაფანო ხაზს უსვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავარი საზომი შედეგია და არა დეკლარაციები. ექსპერტის განმარტებით, ვაშინგტონი აღარ არის დაინტერესებული საქართველოს იზოლაციით, თუმცა არც იმისთვის აპირებს ძალისხმევის დახარჯვას, რომ თბილისს პარტნიორობისკენ “დაედევნოს“.
კარაფანოს გზავნილი, მთლიანობაში, ორმაგია: ერთი მხრივ, ვაშინგტონი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად; მეორე მხრივ კი, ეს ურთიერთობა აღარ აშენდება მხოლოდ გეოპოლიტიკური სიმპათიებითა და ძველი პარტნიორობის ინერციით. მისი თქმით, თუ თბილისს ამერიკასთან ახალი ეტაპის დაწყება სურს, ამისთვის უკვე სიტყვებზე მეტი იქნება საჭირო.
Heritage Foundation აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატიული ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელიც საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რესპუბლიკურ პოლიტიკურ წრეებზე, თავად ჯეიმს კარაფანო კი ერთ-ერთი წამყვანი საგარეო პოლიტიკის ექსპერტია. Heritage Foundation განსაკუთრებით გავლენიანი გახდა ტრამპის ადმინისტრაციის რესპუბლიკურ წრეებში, ამიტომ მისი შეფასებები ხშირად ასახავს იმ განწყობებს, რომლებიც ვაშინგტონის კონსერვატიულ პოლიტიკურ წრეებში არსებობს.
ვაშინგტონის ინტერესი: საქართველო, როგორც შუა დერეფნის ნაწილი
კარაფანოს შეფასებით, შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობას კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მის გაუმჯობესებას იმ სფეროებში თანამშრომლობას უკავშირებს, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ვაშინგტონში გააცნობიერეს, რომ საქართველოს იზოლაციაში მოქცევის ან იგნორირების მცდელობას სარგებელი არც ერთ მხარეს არ მოაქვს.
ამ კონტექსტში ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს “შუა დერეფანზე“ – სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასთან და შავი ზღვის გავლით ევროპასთან აკავშირებს. კარაფანოს თქმით, ეს დერეფანი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველო მისი ერთ-ერთი აუცილებელი რგოლია.
მისი სიტყვებით, ვაშინგტონს სურს უფრო სტაბილური რეგიონი და ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება საჭიროდ მიაჩნია. სწორედ ამ ფონზე აფასებს ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებებს, რომელმაც კონგრესში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ჰკითხა, რა იქნებოდა საჭირო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.
4 ივნისს ირაკლი კობახიძემ უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების მთავრობამ ვაშინგტონს მიმართა კითხვით, თუ რა იყო საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
რუბიომ აღნიშნული კომენტარი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს გააკეთა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ტრამპის ადმინისტრაციას ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის საპასუხოდაც ვაშინგტონმა კონკრეტული ნაბიჯები ჩამოუყალიბა.
“მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობას არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორების მიმართულებითაც“, – განაცხადა რუბიომ.
კობახიძემ კი თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი კითხვა ამერიკული მხარისთვის არასოდეს დაუსვამს.
“ტრამპს სიტყვები არ აინტერესებს, აინტერესებს შედეგი“
კარაფანოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, მისი შთაბეჭდილებით, სურს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა ისე, რომ ამავდროულად თავისუფლად აკეთოს ის, რასაც თავად გადაწყვეტს. თუმცა, მისი აზრით, ეს მიდგომა არ იმუშავებს.
“ეს პრეზიდენტი მხოლოდ შედეგებით არის დაინტერესებული. ტრამპისთვის მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლურ ჟესტებსა და თბილ სიტყვებს, თუ მათ უკან კონკრეტული პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგი არ დგას. ამიტომაც, თბილისს მოუწევს ვაშინგტონთან მაგიდასთან დაჯდომა და ისეთი წინადადებების წარდგენა, რომლებიც ორმხრივი ინტერესის სფეროში რეალურ სარგებელს შექმნის.” – ამბობს ექსპერტი.
კარაფანოს აზრით, ურთიერთობის გაღრმავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო შეერთებულ შტატებს რაღაც ხელშესახებს შესთავაზებს: არა დეკლარაციულ ერთგულებას, არამედ პრაქტიკულ თანამშრომლობას.
კრიტიკა ხელისუფლების კურსის მიმართ
კარაფანო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო წლების პოლიტიკა დიდწილად შიდა უკმაყოფილების შეკავებაზე იყო აგებული, ხოლო დასავლური კრიტიკის საპასუხოდ თბილისი უფრო მეტად დისტანცირდებოდა ევროპელებისა და ამერიკელებისგან, და ამავდროულად, რუსეთთან და ჩინეთთან დაახლოების გზას ირჩევდა.
მისი თქმით, ასეთი კურსი შესაძლოა მოკლევადიანად ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება იყოს, თუმცა ქვეყნისთვის უფრო ფართო სტრატეგიულ პერსპექტივაში ის წამგებიანია. კარაფანოს შეფასებით, რუსეთი რეგიონში ვეღარასდროს დაბრუნდება იმ გავლენიან ძალად, რომელიც მსოფლიო პროცესებს განსაზღვრავს, ხოლო ჩინეთი მოქმედებს იქ, სადაც ფულისა და გავლენის მიღება ყველაზე მარტივია, და არა აუცილებლად ადგილობრივი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით.
ამავე დროს, ის აფრთხილებს, რომ თუ საქართველო რეგიონული პროცესებისგან უფრო მეტად ჩამოშორდება, არსებობს საფრთხე, რომ “შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის გვერდის ავლით მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მნიშვნელობა როგორც სატრანზიტო და პოლიტიკური მოთამაშის, შემცირდება.
“საქართველო ვერ იქნება კარგი პარტნიორი, თუ ხალხი საკუთარი მომავლის შექმნაში ჩართული არ იქნება“
კარაფანო ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო გზავნილს საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით აკეთებს. კითხვაზე, დახუჭავს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია თვალს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, პოლიტიკურ რეპრესიებსა და დისიდენტების შევიწროებაზე, ის პასუხობს, რომ – არა.
მისი თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ დემოკრატიის მხარდაჭერის პრინციპულ საკითხს ან კონკრეტული ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას. მთავარი მიზეზი, როგორც თავად განმარტავს, უფრო პრაქტიკულია: ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და საიმედო პარტნიორი, თუ მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მომავლის განსაზღვრაში საკუთარი მოქალაქეები არ მონაწილეობენ.
კარაფანო ამბობს, რომ ვაშინგტონი ვერ დააიგნორებს ისეთ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს, როგორც პარტნიორის, ეფექტიანობასა და სტაბილურობას. მისი აზრით, პოლიტიკური რეპრესიები და განსხვავებული აზრის შევიწროება სწორედ ასეთი პრობლემებია.
“ვაშინგტონი არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც ოპოზიციის“
ამასთან, კარაფანო ხაზგასმით ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში მხარეს არ აირჩევს. მისი თქმით, ვაშინგტონი არც ხელისუფლების მხარდამჭერად გადაიქცევა და არც მისი დამხობის ინსტრუმენტად.
ის განსაკუთრებულად კრიტიკულია ოპოზიციის მიმართ და ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალური პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზება ვერ შეძლო. ამ ფონზე, კარაფანოს შეფასებით, ამერიკისთვის რომელიმე მხარის აშკარა მხარდაჭერა არც პრაქტიკულია და არც სასარგებლო.
მისივე თქმით, ვაშინგტონში არსებობს არარეალისტური მოლოდინების პრობლემა ორივე მხრიდან: ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობის აღდგენა კონკრეტული ნაბიჯების გარეშე შეუძლია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ელოდება, რომ ამერიკა მის პოლიტიკურ პრობლემებს მოაგვარებს.
“თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ, რომ შეერთებული შტატები უნდა მოვიდეს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს – ამას ჩვენ არ გავაკეთებთ,“ – ამბობს კარაფანო.
“ბურთი საქართველოს მოედანზეა“
კარაფანოს აზრით, საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ბოლო წლებში სწორედ ის იყო, რომ მან ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, შეერთებულ შტატებთან საერთო ინტერესის საკითხებზე ემუშავა.
მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ვაშინგტონი და ევროპელი პარტნიორები უფრო მკაცრ ხაზს ატარებდნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს შეიძლება განსხვავებულად აღქმულიყო, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა, მისი შეფასებით, სხვაგვარია – ის ჩართულობას ანიჭებს უპირატესობას.
თუმცა კარაფანო იქვე ამატებს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს შეერთებული შტატები თბილისს თავად დაუწყებს დევნას. მისი სიტყვებით, “ბურთი საქართველოს მოედანზეა“:
“თუ თბილისს მხოლოდ ხმაურიანი ანტიდასავლური რიტორიკა სურს, ვაშინგტონი მის ზურგს უკან სირბილს არ დაიწყებს. ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნისთვის მეტი კეთილდღეობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება უნდა, მაშინ შეერთებული შტატები ამისთვის საუკეთესო პარტნიორია.”
მისი შეფასებით, არჩევანი საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლებაზეა: სურს თუ არა მას სერიოზული ჩართულობა და რეალური პარტნიორობა ვაშინგტონთან, თუ ურჩევნია იზოლაციის, პოლიტიკური რეპრესიებისა და რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში არსებობის გზას გაჰყვეს.
“ტელეფონი არსებობს – თუ საუბარი გინდათ, დაგვირეკეთ“
კარაფანოს თქმით, მარკო რუბიოს განცხადებაზე საქართველოს მთავრობის პასუხი “სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული“ იყო, თუმცა ვაშინგტონმა ამაზე საჯარო ესკალაცია შეგნებულად არ მოაწყო. მისი შეფასებით, ამის მიზეზი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობების სრულად დანგრევით დაინტერესებული არ არის და კვლავ ტოვებს კარს ღიას კომუნიკაციისთვის.
მისივე სიტყვებით, ამერიკული მხარის გზავნილი მარტივია: თუ თბილისს რეალური საუბარი სურს, ამისთვის არხები არსებობს. მაგრამ თუ ურთიერთობა მხოლოდ საჯარო ბაქიბუქით, ქედმაღლობითა და სიმბოლური ჟესტებით შემოიფარგლება, ვაშინგტონი ამას სერიოზულ პარტნიორობად არ აღიქვამს.
კარაფანო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, თითქოს შეერთებული შტატებისგან განსაკუთრებულ აღიარებას ან განსაკუთრებულ ურთიერთობას მიიღებს ისე, რომ თავად სანაცვლოდ არაფერი შესთავაზოს. მისი თქმით, ვაშინგტონის პრაქტიკა სხვა ქვეყნებთანაც სწორედ ასეთია – ჩართულობა მხოლოდ იქ ნარჩუნდება, სადაც მეორე მხარე მაგიდაზე კონკრეტულ წინადადებებსა და ინტერესებს დებს.
რას ელის ვაშინგტონი თბილისიდან
კარაფანოს შეფასებით, შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი კვლავ “შუა დერეფნის“ წარმატებაა. მისი თქმით, ვაშინგტონს სურს, რომ საქართველო ამ პროექტში უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს – როგორც დერეფნის განვითარებაში, ისე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
მისი ხედვით, შავი ზღვა უნდა დარჩეს თავისუფალი და ღია სივრცე კომერციული მიმოსვლისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში, კარაფანო ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს სურს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც შავ ზღვაში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მარშრუტების უსაფრთხოებას გაამყარებს.
ჩინეთის ინფრასტრუქტურული გავლენა და ამერიკული ეჭვები
კარაფანო განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჩინეთის როლს. მისი თქმით, ვაშინგტონი არ აპროტესტებს იმას, რომ ჩინური საქონელი “შუა დერეფნით“ გადაადგილდებოდეს, მაგრამ პრობლემას ხედავს მაშინ, როდესაც ჩინეთი სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას ფლობს ან აკონტროლებს, იქნება ეს პორტები, ციფრული ქსელები თუ სხვა საკვანძო ობიექტები.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის ჩინეთთან კონკურენციისთვის ყველა მიმართულებით, თუმცა მისი მთავარი ამოცანაა, პარტნიორი ქვეყნები არ აღმოჩნდნენ პეკინზე სტრატეგიულად დამოკიდებულ მდგომარეობაში. კარაფანოს აზრით, ეს მიდგომა მხოლოდ ამერიკისთვის კი არა, თავად რეგიონის ქვეყნებისთვისაც სასარგებლოა.
ამავე კონტექსტში ის საუბრობს ენერგოუსაფრთხოებაზე და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონს სურს “შუა დერეფანში“ ნავთობისა და გაზის გაცილებით უფრო დიდი ნაკადი იხილოს. მისი შეფასებით, რეგიონის გავლით ენერგორესურსების დინამიკური ტრანსპორტირება გლობალური ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა: პრობლემა არა ვაშინგტონისთვის, არამედ თავად საქართველოსთვის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს კონტექსტში რუსეთისა და ჩინეთის გავლენებზე გაკეთებული აქცენტებისა და ამის ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმის შეფასებისას, კარაფანო ამბობს, რომ ეს პირველ რიგში ამერიკის კი არა, საქართველოს პრობლემაა.
მისი თქმით, ჩინეთი საქართველოთი იმდენად არ არის დაინტერესებული, რამდენადაც მისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობებით. კარაფანოს შეფასებით, პეკინი იქ მიდის, სადაც “ადვილი ფული“ და “ადვილი გავლენა“ არსებობს, და არა იმიტომ, რომ კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებასა თუ სტაბილურობაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.
მისი აზრით, ჩინეთი საქართველოსთვის რეალურ სტრატეგიულ გარანტიებს არ შექმნის. ის არც რუსეთის გამო დაუდებს თავს ვინმეს და არც ირანისთვის. ამიტომ, თუ თბილისი პეკინთან ურთიერთობაში საკუთარ ინტერესებს მკაფიოდ არ დაიცავს, რისკავს, რომ სანაცვლოდ გაცილებით ნაკლები მიიღოს, ვიდრე დათმობს.
კარაფანოს შეფასებით, სწორედ ის ქვეყნები აღწევენ ჩინეთთან უკეთეს შედეგებს, რომლებიც პეკინთან მოლაპარაკებაში მყარ პოზიციას ინარჩუნებენ და ყველაფერს მარტივად არ თმობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანა თანდათან ვასალური დამოკიდებულებისკენ მიდის.
“დიფ სტეიტი“ და MAGA – ვაშინგტონისთვის ეს არგუმენტი არ მუშაობს
კარაფანო მკვეთრად უარყოფს მოსაზრებას, თითქოს “ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის იდეოლოგიური სიახლოვე თავისთავად შეიძლება გადაიქცეს განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძვლად.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილზე საუბრისას, სადაც ის “დიფ სტეიტისა“ და USAID-ის მიმართ კრიტიკაში “ქართული ოცნებისა“ და ტრამპის ადმინისტრაციის მსგავს პოზიციებზე ამახვილებდა ყურადღებას, კარაფანო ამბობს, რომ ასეთი გზავნილები ვაშინგტონისთვის პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავრობათაშორისი ურთიერთობები პრაგმატიზმზე დგას და არა იმაზე, ვინ რას ამბობს ამერიკულ შიდა პოლიტიკურ თემებზე. კარაფანო აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება პარტნიორები, რომლებიც მხოლოდ MAGA-ს ენით ლაპარაკობენ ან “დიფ სტეიტის“ წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ – ვაშინგტონს სჭირდება ქვეყნები, რომლებიც რეალურ თანამშრომლობას სთავაზობენ და კონკრეტულ შედეგებს დებენ მაგიდაზე.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, ტრამპის პოლიტიკურ ლექსიკასთან სიტყვიერი თანხვედრა სტრატეგიულ აქტივად ექცია, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
“დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებები დღის წესრიგიდან არ ქრება“
კარაფანო უარყოფს შიშს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალი დახუჭოს, თუ სანაცვლოდ სასურველ ბიზნეს ან გეოპოლიტიკურ შეთანხმებებს მიიღებს.
მისი თქმით, ამერიკის ურთიერთობა ბევრ ისეთ ქვეყანასთან გრძელდება, სადაც სერიოზული რეპრესიებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი საკითხები დღის წესრიგიდან ქრება. კარაფანო მაგალითად ბელარუსსაც ასახელებს და ამბობს, რომ მსგავსი თემები ვაშინგტონისთვის მოლაპარაკებების ნაწილად რჩება არა მორალისტური ლექციების სახით, არამედ როგორც პარტნიორობის ხარისხთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხი.
მისი სიტყვებით, ეს საკითხები მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებს ვინმესთვის საკუთარი პოლიტიკური მოდელის თავსმოხვევა სურს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური რეპრესიები, იძულებითი გარემო და ინსტიტუციური სისუსტე ჯანსაღ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობას აზიანებს.
“აშშ არც ხელისუფლების პრობლემებს მოაგვარებს და არც ოპოზიციისას”
კარაფანო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვაშინგტონი არც საქართველოს ხელისუფლების ყველა შიდა პრობლემის იგნორირებას აპირებს და არც ოპოზიციის ყველა პრეტენზიის გადაწყვეტას. მისი თქმით, ამერიკა არ მოვა იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა “გამოასწოროს“, არჩევნების ლეგიტიმურობაზე საბოლოო განაჩენი გამოიტანოს ან რომელიმე მხარის პოლიტიკური ამოცანები საკუთარ თავზე აიღოს.
ამ კონტექსტში ის ოპოზიციის მოლოდინებსაც არარეალისტურს უწოდებს. მისი შეფასებით, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და შემდეგ ვაშინგტონისგან ელოდება, რომ ის არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებს და პოლიტიკური ზეწოლის მთავარ ინსტრუმენტად იქცევა. მისი თქმით, ეს მოლოდინი მცდარია.
კარაფანოს აზრით, ამერიკის ჩართულობა საქართველოს შიდა საკითხებში ერთდროულად პრაგმატულიც იქნება და კონსტრუქციულიც, მაგრამ არა ისეთი, რომელიც რომელიმე მხარეს სრულ კმაყოფილებას მოუტანს.
“ომში ჩათრევის“ ნარატივი თავიდანვე აბსურდი იყო“
კითხვაზე, რას ფიქრობს “ქართული ოცნების“ მრავალწლიან ნარატივზე, რომლის მიხედვითაც დასავლეთი და მათ შორის შეერთებული შტატები საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრევას ცდილობდნენ, კარაფანო პასუხობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ეს არის ნარატივი, რომელსაც რუსეთი და მის მიმართ სიმპათიით განწყობილი ჯგუფები ევროპის მასშტაბით ავრცელებენ. რეალობა კი, კარაფანოს შეფასებით, სრულიად საპირისპიროა: არავის სურს ომის გაფართოება და მით უმეტეს, რომელიმე ქვეყნის იძულება, გააკეთოს ის, რაც თავად არ სურს.
“უსაფრთხოების თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ სტატუს კვო საქართველოს აზარალებს“
ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გარეშე, სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის მომავალზე საუბრისას, კარაფანო ამბობს, რომ ასეთი თანამშრომლობა შესაძლოა სრულად არ შეწყდეს. თუმცა, მისი შეფასებით, სტატუს კვოს შენარჩუნება ყველაზე მეტად თავად საქართველოს აზარალებს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები არ არის იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს “სუნთქვაშეკრული“ ელოდოს.
“მსოფლიო საქართველოს გარშემო არ ბრუნავს, ხოლო თუ თბილისი კვლავ შეუმჩნევლობისა და უღიმღამოობის რეჟიმში დარჩება, ამის ფასი პირველ რიგში თავად ქვეყანას დაუჯდება, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია.” – ამბობს კარაფანო.
“ევროკავშირი კვლავ დასჯისა და იზოლაციის რეჟიმშია, ამერიკა სხვა გზას ეძებს“
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების შეფასებისას, კარაფანო ამბობს, რომ ბრიუსელი კვლავ უფრო მეტად დასჯისა და იზოლაციის მიდგომით მოქმედებს, მაშინ როდესაც შეერთებულმა შტატებმა ეს ეტაპი, მისი აზრით, უკვე გაიარა.
ის მაგალითად ბელარუსს ასახელებს, სადაც ევროპული მიდგომა იზოლაცია იყო, ხოლო ამერიკულმა მხარემ ჩართულობა აირჩია. კარაფანოს ვარაუდით, თუ საქართველო შეერთებულ შტატებთან რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას ააშენებს და ეს წარმატებული აღმოჩნდება, ევროპელებიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად მიჰყვებიან ამ ხაზს.
მისი გზავნილი ამ შემთხვევაშიც უცვლელია: შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება თავად თბილისზეა დამოკიდებული. თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონთან ურთიერთობას მხოლოდ დეკლარაციებით, სიმბოლური ჟესტებითა და ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარმართავს, ეს ფანჯარა შეიძლება ისე დაიხუროს, რომ ქვეყანა კვლავაც იმავე წრეზე დარჩეს – დასავლეთთან დაძაბული, რუსეთსა და ჩინეთთან კი სულ უფრო ღრმად გადაჯაჭვული.
სამხრეთ კავკასიის ახალი ბალანსი
კარაფანოს თქმით, რეგიონში ძალთა გადანაწილება შეიცვალა, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიური პროცესები და აშშ-ის მზარდი ჩართულობა ახალ რეალობას ქმნის.
ის ამტკიცებს, რომ სწორედ ამ დინამიკის ფონზე საქართველო აღარ იკავებს იმ ცენტრალურ ადგილს, რომელიც ადრე ჰქონდა. პარალელურად, მისი თქმით, ვაშინგტონის ყურადღება ნაწილობრივ გადადის რუმინეთსა და ბულგარეთზე, სადაც ამერიკული გავლენა იზრდება.
თუმცა, კარაფანო ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან პარტნიორობა კვლავ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ თბილისი შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს.
ანაკლიის პორტი და “პროაქტიულობის“ დეფიციტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ საუბრისას კარაფანო რეგიონულ მაგალითად სომხეთსა და აზერბაიჯანს ასახელებს.
მისი თქმით, ამ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდებოდა აშშ-ის აქტიური ჩართულობის გარეშე. თუმცა, მისი განმარტებით, გადამწყვეტი ფაქტორი იყო არა მხოლოდ ვაშინგტონის მონაწილეობა, არამედ მხარეების მზადყოფნა, რომ თავად შეექმნათ ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ამერიკას პროცესში ჩართავდა:
“მთავარი სიტყვა არის პროაქტიულობა – ისეთი ინიციატივების წამოყენება, რომლებიც ორივე მხარისთვის რეალურ შედეგს ქმნის.“
მისი შეფასებით, სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს აშშ-ის ყურადღების მიპყრობას.
გაფრთხილება თბილისისთვის
კარაფანოს განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება მსგავს ლოგიკას არ იზიარებს, შედეგი შეიძლება იყოს აშშ-ის ინტერესის კიდევ უფრო შემცირება.
მისი თქმით, ვაშინგტონი არ არის მზად პარტნიორობისთვის მხოლოდ ფორმალური განცხადებების საფუძველზე და რეალურ ქმედებებს ელოდება.
“თუ პარტნიორი არ არის, მაშინ ეს უბრალოდ ქვეყანა ხდება, რომელსაც გვერდს ავუვლით: აშშ-ს საკუთარი “ჯორჯია“ უკვე ჰყავს და ახალი პარტნიორების მიმართ კონკრეტულ შედეგებს ელის.” – ამბობს კარაფანო.
სანქციები და პოლიტიკური მოთხოვნები
ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნის საკითხზე საუბრისას კარაფანო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.
მისი თქმით, ვაშინგტონი სანქციებს არ მოხსნის დაპირებების ან ზოგადი განზრახვების საფუძველზე და ამისთვის საჭიროა ხელშესახები პოლიტიკური შედეგები და მკაფიო წინადადებების პაკეტი საქართველოს მხრიდან.
კარაფანო ასევე ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან უკვე იგზავნება სიგნალები საქართველოსთან უფრო ღია ურთიერთობის შესაძლებლობაზე, თუმცა რეაგირება თბილისიდან, მისი თქმით, ჯერ არ ჩანს.
მისივე შეფასებით, განსხვავებით საქართველოსგან, სხვა ქვეყნებმა, მაგალითად სერბეთმა, ამ სიგნალებს უფრო აქტიური პოლიტიკით უპასუხეს.