გარეგინ II-ის გადაყენება კრიზისის დასაძლევად - სომხეთში სპეციალური ანგარიში გამოქვეყნდა
კრიზისი სომხურ ეკლესიაში ანგარიში
„ცელიბატისა და კეთილსინდისიერი ქცევის აღთქმის დარღვევა, წმინდა საკურთხევლის პოლიტიზება, უცხოური [რუსული] გავლენის გავრცელება, სასულიერო პირების დევნა“ – ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომლებსაც სომხეთის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრი სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში არსებულ კრიზისს უკავშირებს.
ცენტრმა 74-გვერდიანი ანგარიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დავალებით მოამზადა და გამოაქვეყნა. დოკუმენტი ღია წყაროებზე დაყრდნობით აღწერს ეკლესიაში არსებულ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებსაც გვთავაზობს.
ერთ-ერთი მთავარი წინადადება სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადაყენებაა. ანგარიშში მას „ეკლესიის ფაქტობრივ მეთაურს“ უწოდებენ.
დოკუმენტის ავტორების თანახმად, რეფორმა თავად ეკლესიამ, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მონაწილეობით უნდა განახორციელოს. მათი მტკიცებით, სახელმწიფო მხოლოდ საკუთარი საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და „არ ერევა ეკლესიის შიდა კანონიკურ ავტონომიაში“.
წმინდა ეჯმიაწინის პირველი საყდარი ანგარიშს „შინაარსითა და ფორმით ანტიკონსტიტუციურ, ანტიკანონიკურ და უკანონო“ დოკუმენტად აფასებს. ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, „შეწყვიტოს ეკლესიის დევნა და პატივი სცეს მის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ სუვერენიტეტსა და თვითმმართველობას“.
დოკუმენტს აკრიტიკებენ უფლებადამცველებიც. მათი მთავარი კითხვაა, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს უფლებამოსილებასა და რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში ჩარევას შორის.
ფაშინიანი: „ეკლესიაში მდგომარეობა გაცილებით კრიტიკულია, ვიდრე მეგონა“
ნიკოლ ფაშინიანი ანგარიშს გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ეკლესიაში არსებული ვითარება იმაზე რთულად შეაფასა, ვიდრე მანამდე წარმოედგინა.
„თუ ანგარიშს ერთი წინადადებით შევაჯამებთ, ის ამტკიცებს, რომ ეკლესია მიტაცებული აქვს კტრიჭ ნერსისიანს [გარეგინ II-ის საერო სახელი] და სასულიერო და საერო პირთა ჯგუფს, რომლებიც მას მხარს უჭერენ“.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფაშინიანმა არ გამორიცხა ეროვნულ ასამბლეაში საგამოძიებო კომისიის შექმნაც. ასეთი კომისიის ამოცანა ანგარიშში აღწერილი პრობლემების შესწავლა და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იქნება.
ბრალდებები სექსუალური ძალადობისა და სხვა დარღვევების შესახებ
ანგარიშში ჩამოთვლილია 16 საკითხი, რომლებიც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ეკლესიაში კრიზისზე მიუთითებს.
მათ შორისაა მაღალი რანგის სასულიერო პირების მიერ ცელიბატისა და კეთილსინდისიერი ქცევის აღთქმის დარღვევა. ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეკლესიის უმაღლესი იერარქია მსგავს შემთხვევებს სათანადოდ არ იძიებს.
დოკუმენტი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევებსაც ეხება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება კათოლიკოს გარეგინ II-ის ძმას, რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოს ეზრას ნერსისიანს ეხება.
„ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თემაზე ყველაზე აღმაშფოთებელი ჩვენებები სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის [გარეგინ II-ის] ძმას – რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოს ეზრას ნერსისიანს ეხება“.
ანგარიშში ასევე მოყვანილია ცნობები მისი „ჰომოსექსუალური მიდრეკილებების“ შესახებ. დოკუმენტის ავტორები წყაროებად სხვადასხვა ჩანაწერს, ღია წერილებსა და მედიაპუბლიკაციებს ასახელებენ. ღია წერილების ავტორებს შორის ძირითადად სასულიერო ხარისხისგან განკვეთილი სასულიერო პირები არიან.
ანგარიშში გამოქვეყნებულია როგორც ჩვენებების ავტორთა, ისე იმ ადამიანების პერსონალური მონაცემები, რომელთაც სხვადასხვა სახის სექსუალურ ქცევასა თუ სავარაუდო დანაშაულს მიაწერენ. სწორედ ეს გახდა უფლებადამცველების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
დოკუმენტში ნათქვამია:
„მორალური დაცემა ეკლესიის შიდა სტრუქტურებში ფესვგადგმულია. ზოგიერთი სასულიერო პირი, რომელიც ეჭვმიტანილი ან ბრალდებულია სექსუალურ დანაშაულებში, კერძოდ, პედოფილიაში, არა მხოლოდ არ ისჯება, არამედ ეკლესიის უმაღლესი ხელმძღვანელობის მფარველობითაც სარგებლობს“.
ანგარიშის ავტორები სხვა პრობლემებსაც ასახელებენ:
- კათოლიკოსის მიერ დაუქორწინებლობის აღთქმის (ცელიბატის) დარღვევას;
- კათოლიკოსის მხრიდან სასულიერო პირების დევნასა და მათთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევას;
- კათოლიკოსისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების ღია პოლიტიკურ საქმიანობას;
- საეკლესიო სივრცეებისა და წმინდა საკურთხევლის პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენებას;
- კათოლიკოსისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ეკლესიის უცხოური გავლენის გასავრცელებლად გამოყენებას;
- ფინანსურ გაუმჭვირვალობასა და საეკლესიო ქონების არამიზნობრივ გამოყენებას;
- ნათესავების სასულიერო პირებად კურთხევასა და კლანურ მმართველობას;
- ეროვნული საეკლესიო კრების 27 წლის განმავლობაში არჩატარებას და ერთიანი წესდების არარსებობას;
- დიასპორის ეპარქიებში განხეთქილებას.
კათოლიკოსის გადაყენება ფაშინიანის პარტიის პროგრამაშიც მოხვდა
კათოლიკოსის ტახტიდან გადაყენების საკითხი ფაშინიანის პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც შევიდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები ამ საკითხზეც საზოგადოების პოზიციას გამოავლენს. მან არჩევნები „სასამართლო განხილვას“ შეადარა, რომელშიც გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს.
რას ითვალისწინებს „საგზაო რუკა“
ანგარიშში კრიზისის დასაძლევად ხუთსაფეხურიანი გეგმაა წარმოდგენილი:
- რეფორმის პროგრამის გადახედვა და პოპულარიზაცია;
- ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის, კათოლიკოსის გადაყენება;
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის არჩევა;
- ერთიანი საეკლესიო წესდების მიღება;
- ახალი წესდების შესაბამისად ეროვნული საეკლესიო კრების მოწვევა და სრულიად სომეხთა ახალი კათოლიკოსის არჩევა.
ეჯმიაწინი: ეს „პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“
წმინდა ეჯმიაწინის პირველმა საყდარმა ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა და ხელისუფლება ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ბრალდებებისა და ცილისმწამებლური გამონაგონების საფუძველზე, სახელმწიფო სახსრების ფლანგვის ხარჯზე შედგენილი „ანგარიში“ პოლიტიკური ანგარიშსწორების, შურისძიებისა და ეკლესიის შიდა ცხოვრებაში დასაგმობი ჩარევის გამოვლინებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის, მკაფიო გამიჯვნისა და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტის საფუძველზე ააგოს.
სასულიერო პირები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, „შეწყვიტოს რეპრესიები“ სასულიერო პირებისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის წინააღმდეგ, დაიცვას კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი და არსებული უთანხმოება დიალოგით მოაგვაროს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია:
„დაუშვებელია ეკლესიის რეფორმირების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური თვითნებობით, მანიპულაციებითა და იძულებით არის ნაკარნახევი. სომხეთის ეკლესიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მისი მოწესრიგების პროცესები ხორციელდება მხოლოდ ეკლესიის მმართველობის უმაღლესი კანონიკური ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე“.
რას ამბობენ უფლებადამცველები
რელიგიის თავისუფლების საკითხების ექსპერტი იზაბელა სარგსიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერიოს ან ამ ტიპის ანგარიში მოამზადოს.
მისი შეფასებით, დოკუმენტი პრობლემურია კანონიერების, ეთიკისა და ადამიანის ღირსების დაცვის თვალსაზრისითაც.
„საუბარი არ არის მხოლოდ რელიგიის ან რწმენის თავისუფლებაზე, არც მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. საუბარია პერსონალურ მონაცემებზე, სახელების გამოქვეყნებაზე, მათ შორის იმ არასრულწლოვნის სახელის გამოქვეყნებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა“.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ექსპერტი ანა მელიქიანი ყურადღებას სომხეთის კონსტიტუციაზე ამახვილებს. მისი თქმით, კონსტიტუცია რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლებას, სახელმწიფოსგან განცალკევებასა და ავტონომიას უზრუნველყოფს.
„თავისუფლება და ავტონომია ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციის შიდა საქმეებში, მათ შორის მმართველობის სისტემის არჩევაში და მის კანონიკურ თუ ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანაში“.
მელიქიანის თქმით, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს რელიგიურ ორგანიზაციას ან როგორი შიდა წესები უნდა მოქმედებდეს მასში.
გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც არსებობს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები.
„თუ არსებობს ფაქტები, რომლებიც დასაბუთებულად მიუთითებს აშკარა დანაშაულზე ან დარღვევებზე, რეაგირებისთვის სხვა მექანიზმები არსებობს – სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული“.
უფლებადამცველის შეფასებით, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირებისას მთავარი საკითხი ხელისუფლების მოქმედებების კანონიერება და მისი უფლებამოსილების საზღვრებია.
მისი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტიანი სისტემა:
„ყველა სახელმწიფოსა და ხელისუფლებას აქვს მსგავსი ცდუნება და, თუ წინააღმდეგობას არ წააწყდება, იმდენ უფლებამოსილებას ჩაიგდებს ხელში, რამდენსაც შეძლებს“.