"თბილისი ფართხალებს" — ჯეიმს კარაფანო კობახიძის განცხადებას პასუხობს
ჯეიმს კარაფანო კობახიძეს პასუხობს
აშშ-ის კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უფროსი ექსპერტი ჯეიმს კარაფანო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “სულელური ანტიდასავლური სტრატეგია“ აირჩია, რის გამოც ახლა “ნამდვილი ცვლილებების“ განხორციელება მოუწევს.
კარაფანომ კომენტარი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტი გააზიარა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, “არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, რომ ტყუილი ეთქვა“, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი წინასწარ იცოდა, როდესაც ვაშინგტონს შეკითხვით მიმართა.
Heritage Foundation აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატიული ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელიც საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რესპუბლიკურ პოლიტიკურ წრეებზე, თავად ჯეიმს კარაფანო ერთ-ერთი წამყვანი საგარეო პოლიტიკის ექსპერტია.
Heritage Foundation განსაკუთრებით გავლენიანი გახდა ტრამპის ადმინისტრაციის რესპუბლიკურ წრეებში, ამიტომ მისი შეფასებები ხშირად ასახავს იმ განწყობებს, რომლებიც ვაშინგტონის კონსერვატიულ პოლიტიკურ წრეებში არსებობს.
“1) რუბიოს არ ჰქონია მიზეზი, რომ ტყუილი ეთქვა, 2) როდესაც ქართველებმა იკითხეს, პასუხი უკვე იცოდნენ, ასე რომ, საერთოდ რატომ იკითხეს? 3) იმდენად სულელები იყვნენ, რომ არ იცოდნენ, ეს რომ გაჟონავდა? 4) ეს ხაზს უსვამს საქართველოს პრობლემას, მათ ფსონი წამგებიან ცხენზე დადეს და სულელური ანტიდასავლური სტრატეგია აირჩიეს, აშშ მათ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ და თბილისი ფართხალებს, 5) რეალობა ისაა, რომ თბილისს ნამდვილი ცვლილებები მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან მოტოვებული დარჩება”. – წერს კარაფანო.
წინაისტორია
4 ივნისს ირაკლი კობახიძემ უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების მთავრობამ ვაშინგტონს მიმართა კითხვით, თუ რა იყო საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
რუბიომ აღნიშნული კომენტარი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს გააკეთა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ტრამპის ადმინისტრაციას ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის საპასუხოდაც ვაშინგტონმა კონკრეტული ნაბიჯები ჩამოუყალიბა.
“მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობას არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორების მიმართულებითაც“, – განაცხადა რუბიომ.
კობახიძემ კი თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი კითხვა ამერიკული მხარისთვის არასოდეს დაუსვამს.
“ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ“, – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.
“ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუბიო ტყუის, პრემიერმა უპასუხა, რომ საკითხს სხვაგვარად უყურებს.
“არა, ტყუილი რა შუაშია კაცო. ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით რაღაც თქვას“, – თქვა მან.