რუსეთ-ჩინეთის გავლენები და პოლიტპატიმრები: კონგრესი NDAA-ში უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს ამატებს
რუსეთ-ჩინეთის გავლენები საქართველოში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) ახალი პროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მიერ რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ საქართველოში კლასიფიცირებული შეფასების მომზადებას.
ამასთან, კანონმდებლები მიუთითებენ ოპოზიციური ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების დაკავებებზე და აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხები სულ უფრო მეტად ხდება აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის დღის წესრიგის ნაწილი.
კანონპროექტის თანახმად, პენტაგონს ასევე დაევალება ანგარიშის მომზადება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააყენოს აშშ-მ სამხედრო-თავდაცვითი კონტაქტების დროს საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხი.
დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც შეაფასებს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, მომავალ დახმარების მოცულობას და საქართველოს ვალდებულებას დასავლეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ.
ანალიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტი ასახავს კონგრესში მზარდ ინტერესს როგორც საქართველოს პოლიტიკური განვითარების მიმართულების, ისე კავკასიაში ჩინეთის გავლენის მიმართ.

კომენტარი
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ეკა აკობიას თქმით, სენატში “MEGOBARI აქტის” დროებითი შეფერხების ფონზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა განსხვავებულ საკანონმდებლო გზას მიმართეს და უსაფრთხოების შეფასებების ნაწილი ყოველწლიურ, სავალდებულო თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტში გადაიტანეს.
მისივე განმარტებით, “ქართული ოცნების“ მიმართ მაღალი პროფილის, დამოუკიდებელი სანქციური მექანიზმების მიმართულებით არსებული დროებითი პაუზის პირობებში, კონგრესში სტრატეგია გადაიხარა იმგვარ ფორმატზე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური შეფასებები პირდაპირ NDAA-ში ინკორპორირდება, რაც, კანონმდებლების შეფასებით, უზრუნველყოფს მათი განხილვის უფრო სტაბილურ და ნაკლებად პოლიტიკურად ბლოკირებად პროცესს.

ეკა აკობია: “ეს განვითარება გულისხმობს შემდეგს:
1. სადაზვერვო მონაცემების შეგროვება: 2026 NDAA-ს შესწორება ავალდებულებდა ეროვნული დაზვერვის დირექტორსა (DNI) და პენტაგონს, ზუსტად შეესწავლათ, თუ რამდენად ღრმად აქვთ შეღწეული რუსულ და ჩინურ საჯაშუშო ქსელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აპარატში. ახლანდელი შესწორება ერთი ტონით დაბალია, რაც ზრდის მისი ბოლომდე გატანის შანსებს.
2. დამოუკიდებელი კანონპროექტის გაჩერება სენატში ორი სენატორის და კორპორატიული ლობისტების გამო უკვე მოხდა. ამ კონკრეტული ჩანაწერის NDAA-ში შეტანით, კანონმდებლები აიძულებენ თეთრ სახლსა და პენტაგონს, აქტიურად აკონტროლონ საქართველო და ეს ხერხდება სენატისგან ინდივიდუალური დაბლოკვის საფრთხის გარეშე.
3. ეს შესწორება გულისხმობს საქართველოსადმი აშშ-ის მომავალი სამხედრო დახმარების პირობითობას, ანუ უფლებების დაკავშირებას უსაფრთხოებასთან. აქამდე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ აშშ-ის რეაგირება ძირითადად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ახალი მექანიზმით, ამ დებულებების თავდაცვის ბიუჯეტში შეტანით, კონგრესი აგზავნის სიგნალს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მომავალი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და ამერიკული თავდაცვის დახმარება სამართლებრივად იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ეპყრობა თბილისი პოლიტიკურ პატიმრებს და როგორი ურთიერთობები აქვს ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან.
markup language საბოლოო ჩასწორებას ნიშნავს შეიარაღებული ძალების კომიტეტის (რომლის გავლენინი წევრია ჯო უილსონი) მხრიდან და მისი შეცვლა/ამოღება/ჩანაცვლება არ ხდება. ანუ, კომიტეტის დონეზე ეს ტექსტი გატანილია.
ეს დირექტივა ითხოვს, რომ სამხედრო თანამშრომლობის წინაპირობად სახ. დეპარტამენტმა წარმოადგინოს საჯარო რეპორტი/სტრატეგია, თუ რა წინაპირობები დაედება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, რომლის ნაწილი პირდაპირ წერია რომ იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი. კომიტეტი ამ სტრატეგიას 2026 წლის 1 ოქტომბრისთვის ითხოვს. ეს არის 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტის პირველივე დღე. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი NDAA 2027 დამტკიცდება, სახ. დეპთან ერთად უკვე თავდაცვის დეპარტამენტი დაიწყებს მოკვლევას (ანუ 2026 წლის ოქტომბრამდე ბევრად ადრე), რომელიც მის ე. წ. Georgia strategy-ს დაედება საფუძვლად.
ეს განვითარება აჩვენებს, ჯო ვილსონის აბუჩად აგდება რამდენად მიოპიური და შეუფერებელი საქციელი იყო ქართული ოცნების მხრიდან.
ეს ასევე ადასტურებს იმას, რაც არაერთხელ მითქვამს ტელეეთერებში: როცა საქართველოსთან დაკავშირებით ამხელა პროცესია ჩაშვებული (მეგობარი აქტი) ეს პროცესი უკვე ნიშნავს, რომ ყურადღება მიიპყარი, უარყოფითად, და ამის დაძლევა თვითკრიტიკის, რეფლექციის და ძალმომრეობითი პოზიციების დათმობების გარეშე შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ სენატში ცალკე მდგომი დიდი კანონპროექტის (მეგობარი აქტი) დაბლოკვა წარმატებად შეაფასა, ამ ნაბიჯმა და წინაღობამ საპასუხო რეაქცია გამოიწვია და უილსონის ხელმძღვანელობით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უფრო სახიფათო მექანიზმების ინიცირებას დაუდო სათავე.
ამ კანონპროექტს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი დამტკიცებამდე. შესაძლოა, ლობიზმის და ბიზნეს ინტერესების წყალობით იგივე ბედი ეწიოს რაც შარშანდელ NDAA-ს, მაგრამ რისკები ნაკლებია, რადგან მოთხოვნა უფრო დაწურულია და მყისიერ ნაბიჯებს არ ითხოვს, არამედ ითხოვს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას და სადაზვერვო ანგარიშს.
გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, იკვეთება, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან ზოგ სფეროში თანამშრომლობით. განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობამ არ გადაფაროს ადამიანის უფლებების და მმართველობის ჩავარდნის საკითხები ამ ქვეყანაში. ამ კუთხით ჯო უილსონის ეს მორიგი მცდელობა ქართული ოცნების მიერ ყველა უფლება შელახული ადამიანისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც უკვე თითქმის 2 წელია საპატიმროში არიან და სამართალს ვერ პოულობენ.
წინ პალატის კენჭისყრა, სენატის ვერსია და შერწყმის ეტაპია. კონფერენციის დროს (როცა ხდება ორივე პალატის კანონპროექტების შერწყმა) შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, მაგრამ მძლავრი პოლიტიკური სიგნალი დღეს და ახლა უკვე გამოშვებულია. რაციონალური ადამიანი ამას უნდა აღიქვამდეს.”
წინაისტორია
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 2025 წლის 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.
6 სექტემბერს გამოცემა The Hill-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სენატორმა მარკუეინ მალინმა მოახერხა და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი დაარწმუნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პაკეტიდან “MEGOBARI აქტი“ ამოეღო. ასევე, მალინმა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა წლის დასაწყისშიც დაბლოკა.
აღსანიშნავია, რომ მარკუეინ მალინი ამჟამად სენატორი აღარ არის და ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად წარადგინა.