ბრძოლა პროტესტის შინაარსისთვის: საქართველოში ოპოზიცია იდეოლოგიურ ჩიხშია
გაზიარება
გაზიარება
ბრძოლა პროტესტის შინაარსისთვის
საქართველოს ოპოზიციურ ფეისბუქ სივრცეში ბოლო დღეებია მწვავე და საკმაოდ მტკივნეული დისკუსია მიმდინარეობს. ამჯერად კამათობენ ისინი, ვინც წლებია ქუჩაში დგას და ცვლილებებს ელოდება. მთავარი კითხვა, რომელმაც საზოგადოება ორ ბანაკად გაყო, მარტივია: უნდა ვაღიაროთ თუ არა, რომ ამ ეტაპზე დავმარცხდით?
მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბევრისთვის ერთგვარ ცივ შხაპად იქცა. მან ღიად თქვა, რომ ოპოზიციური მუხტი რეალურად დამარცხდა და ილუზიებით კვება უნდა დასრულდეს:
“ჩვენ ვამბობთ და თავს ვარწმუნებთ, რომ სახელოვნად გავიმარჯვებთ, თუმცა სინამდვილეში ყველა ფრონტზე, ყველა ველზე დამარცხებულები ვართ. როგორც ჩანს, დროა, ვაღიაროთ და საკუთარ ღირსებასაც გამოვუტყდეთ, რომ რევანშისტულმა მეხუთე კოლონამ გვაჯობა და მთელი ქვეყანა “საზოგადოებრივი ტელევიზიის“ სტუდიად – “თეატრალურ კვარტეტად” გვაქცია.“
ირაკლი კაკაბაძე
ამ პოზიციას მალევე გამოეხმაურა თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. მისი თქმით, როცა ქვეყანაში ადამიანებს იჭერენ, ილიას უნივერსიტეტს ხურავენ და ქუჩაში პროტესტის ნაცვლად სიჩუმეა, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ ჰქვია. მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ რეალობისთვის თვალის არასწორება უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად მარცხი:
“და როცა მარცხს ვერ აღიარებ და ვერ აცნობიერებ, ეგ კიდევ უფრო დიდი მარცხია, რადგან გონებასა და პასუხისმგელობაზე ამბობ უარს რადგან ზუსტად ამ დროს ეხვევი იმ ილუზიაში, იმ ხაფაგში, რომლიდანაც გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს.“
თეთრი დროშის გარეშე: რატომაა დანებება სახიფათო
მეორე ბანაკი ამ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება. მათი მთავარი შიშია, რომ მარცხზე საუბარი საზოგადოებას ხელებს ჩამოაყრევინებს და ნიჰილიზმში ჩაძირავს. პროფესორ რუსიკო კობახიძის თქმით, სანამ ადამიანები ციხეში სხედან, სხვებს დანებების უფლება უბრალოდ არ აქვთ. არგუმენტად მას გმირული მაგალითები მოჰყავს:
“ჩვენ მაგივრად, პატიმრების მაგივრად დამარცხების აღიარება რომელ სპორტს განეკუთვნება? “დამარცხებას რომ ვაღიარებთ, მერე გაგვეხსნება აქამდე მიუწვდომელი გზა და შესაძლებლობები” – ეს ფორმულირება რა რაციონალურ აზრს შეიცავს? ეღიარებინა დამარცხება გიორგი ანწუხელიძეს, რა რჯიდა? იჯდებოდა ახლა კოხტად საკუთარ ცოლ-შვილში.“
ამავე პოზიციაზეა პროფესორი ნანა დიხამინჯიაც, თუმცა ის ოპტიმისტებისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვს. მისი აზრით, მხოლოდ იმედით ცხოვრება აღარ მუშაობს და ხალხს მკაფიო გათვლები სჭირდება:
“მაგალითად, ვიდგებით კიდევ ერთი წელი და დაინიშნება არჩევნები? გაძლიერდება სანქციები და ბიძინა იტყვის, აღარ მინდა ამხელა შავი ფული და მოვცილდები პოლიტიკასო? როცა უკრაინა გაიმარჯვებს, უცებ თავისით იხუვლებს ხალხის ტალღა და გააგდებს ბიძინას?“
ნანა დიხამინჯია
ქუჩა თუ პარლამენტი: სად არის გამოსავალი?
დისკუსიამ კიდევ ერთი პრობლემა გამოაჩინა. ოპოზიციის ნაწილმა ბოლო წლინახევრის განმავლობაში უარი თქვა საპარლამენტო მუშაობაზე და აქცენტი მხოლოდ ქუჩის აქციებზე გააკეთა. დღეს ბევრი აღიარებს, რომ ამ ტაქტიკამ შედეგი ვერ გამოიღო.
პოლიტოლოგი გია ნოდიასვამს კითხვას: თუ ქუჩამ არ იმუშავა, რა არის ალტერნატივა? მისი თქმით, ბრძოლის ველის დატოვება გამოსავალი არ არის, მაგრამ სტრატეგიის შეცვლა აუცილებელია:
“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და სამოქალაქო წინააღმდეგობით ვაჯობოთ ხელისუფლებას – ამ ეტაპზე მაინც, პროდუქტიული აშკარად არ აღმოჩნდა. ამ ფონზე შეიძლება რაციონალური დავა: სტრატეგია უნდა შეცვალო (კონკრეტულად, რით?), თუ ისევ ის გააგრძელო იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც მოარყევ რეჟიმს და რაღაც შედეგს მიიღებ.“
პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი ამ დისკუსიას გარედან აფასებს და მიიჩნევს, რომ კამათი სინამდვილეში პოზიტიური მოვლენაა. მისი ხედვით, ორივე მხარე რეალურად ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა სხვადასხვა ფორმით.
ანდრონიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ კულტურაში მორალურ გაუტეხლობას დიდი ფასი აქვს, მაგრამ გრძელვადიანი წარმატებისთვის მხოლოდ ემოცია და გამარჯვების ნება საკმარისი არ არის – მას თან კონკრეტული სტრატეგიაც უნდა ახლდეს:
“გაუტეხლობის და გამარჯვების ნების გარეშე აზრსაა მოკლებული რამე კონკრეტული სტრატეგიული ან გინდაც ტაქტიკური გეგმების დალაგება. მეორე მხრივ კი, მარტო გამარჯვების ნებამ, იმის გარეშე, რომ იცოდე, რა გზით მიხვიდე გამარჯვებამდე, შეიძლება ასევე არ გამოიღოს შედეგი.“