მოსაზრება: ჩინეთი საქართველოსგან მეტს იღებს, ვიდრე სანაცვლოდ გასცემს
ჩინეთი და საქართველო
“ჯიპას” პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და კონფლიქტოლოგი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. მისი შეფასებით, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკური პარტნიორობის კუთხით თბილისი იმ შედეგებს ვერ იღებს, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გულისხმობდეს.
მისივე თქმით, დღეს არსებული მოდელი უფრო იმ ვითარებას ჰგავს, როდესაც საქართველო ჩინეთის ინტერესების მომსახურებას ცდილობს, მაშინ როცა საპასუხოდ პოლიტიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები არ ჩანს.
ამის შესახებ გიორგი კობერიძემ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ეკონომიკური თანამშრომლობა და პოლიტიკური დისბალანსი

გიორგი კობერიძის შეფასებით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ბუნებრივი და პრაქტიკულად აუცილებელიცაა, რადგან ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და მრავალ სფეროში კონკურენტულ უპირატესობას ფლობს.
თუმცა, მისი თქმით, ვითარება იცვლება მაშინ, როდესაც ურთიერთობები პოლიტიკურ განზომილებაში გადადის.
კობერიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტნიორობა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს არ გულისხმობს.
“ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებები, ანტიკორუფციული პოლიტიკა და უსაფრთხოება. სწორედ ამ მიმართულებით ჩნდება ყველაზე დიდი კითხვები, რადგან ჩინეთი არ ავლენს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – ამბობს კობერიძე.
ხედავს თუ არა “ქართული ოცნება“ ჩინეთს დასავლეთის ალტერნატივად
კობერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ჩინეთს დასავლეთის ალტერნატიულ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. მიისი თქმით, ჩინეთისთვის დემოკრატიის ხარისხი, ადამიანის უფლებები ან კორუფციასთან ბრძოლა პარტნიორ ქვეყნებში გადამწყვეტი ფაქტორები არ არის, რაც თანამშრომლობას ამარტივებს იმ ხელისუფლებებისთვის, რომლებიც დასავლეთის მხრიდან კრიტიკას აწყდებიან.
“ქართული ოცნების“ ინტერესიც, მისი შეფასებით, სწორედ ამ გარემოებაში იკვეთება:
“ჩინეთს საქართველოს მიმართ არ აქვს ისეთი მძლავრი და კარგად ჩამოყალიბებული ინტერესი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა 2000-იან წლებში. აშშ-ს საქართველოს მიმართ გააზრებული ინტერესები ძალიან გამოკვეთილი იყო. ჩინეთის მიდგომა უფრო ასეთია: ეს ქვეყანაც მნიშვნელოვანია ჩემი ზოგადი პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენებისთვის, მაგრამ არა სტრატეგიულად, როგორც ამის წარმოჩენას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.”
რას ნიშნავს რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა
კობერიძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივ ვალდებულებებსა და ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი შეფასებით, საქართველოსთვის მთავარი ეროვნული საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჩანდეს პარტნიორის მხარდაჭერა.
მისი თქმით, ჩინეთი არ უჭერს მხარს გაეროს რეზოლუციებს დევნილების დაბრუნების საკითხზე, არ ახდენს ზეწოლას რუსეთზე და არც პოლიტიკური განცხადებების დონეზე გამოხატავს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას დაადასტურებდა.
ამავე დროს, კობერიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვან სატრანზიტო პროექტებსა და დერეფნებს სთავაზობს, თუმცა საპასუხოდ შესაბამის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ სარგებელს ვერ იღებს.
რატომ არ არის საკმარისი ღვინო, ტურიზმი და უვიზო რეჟიმი
კობერიძის შეფასებით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმის ზრდა ან უვიზო მიმოსვლა თავისთავად პოზიტიური მოვლენებია, მაგრამ ეს სტრატეგიული პარტნიორობის დასტური არ არის.
მისი თქმით, მსგავსი მიღწევები სტრატეგიული პარტნიორობის გარეშეც შესაძლებელია.
“ასეთ ურთიერთობას სტრატეგიულად მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს, თუ მხარეები ერთმანეთს ფუნდამენტურ საკითხებში უჭერენ მხარს და საერთო ინტერესების დაცვისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
“პატივს ვცემ ჩინეთის მიზეზებს“
ინტერვიუში კობერიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც იგი “პატივს სცემს ჩინეთის მიზეზებს“, რის გამოც პეკინი გაეროში საქართველოს რეზოლუციას მხარს არ უჭერს.
კობერიძე ამბობს, რომ ჩინეთი არ არის მცირე ქვეყანა, რომელსაც სხვა მოთამაშეები საკუთარ ნებას ახვევენ თავს. მისი შეფასებით, პეკინს შეუძლია რუსეთზე ზეგავლენის მოხდენაც კი, თუმცა ამის გაკეთებას საქართველოს საკითხზე საჭიროდ არ მიიჩნევს.
კობერიძე აღნიშნავს, რომ ეს რეალობა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მნიშვნელობა ჩინეთისთვის შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად მოიხსენიებენ ორ ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებად.
შეიძლება თუ არა დაზიანდეს არაღიარების პოლიტიკა
კობერიძის აზრით, დასავლეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა უშუალოდ არ არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან ურთიერთობებზე. თუმცა, მისი თქმით, პრობლემა სხვა მიმართულებით შეიძლება გაჩნდეს.
“თუკი საქართველოსთვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი აღარ იქნება, გამოდის, რომ რუსეთს მეტი კარტ-ბლანში ეძლევა. ვგულისხმობ ანექსიის საკითხსაც: პროცესი შეიძლება მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლოს და ანექსიაში გადაიზარდოს – რუსეთის მხრიდან ტერიტორიების პირდაპირი მიერთების საკითხი დადგეს დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, დასავლეთი ამას გააპროტესტებს და იტყვის, რომ ეს არასწორია, მაგრამ თუ ვერ მივიღებთ ქმედით მხარდაჭერას, რომელიც გადაითარგმნება სამხედრო თუ ეკონომიკურ დახმარებაში (რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება), სწორედ ეს იქნება რეალური დანაკარგი.
თორემ ჩინეთთან ურთიერთობას არავინ გიკრძალავს და არავინ გეუბნება, რომ ეს ცუდია. უბრალოდ, თუ შენ ინდიფერენტული ხარ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და, იმისათვის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გაამართლო, ამბობ: “პატივს ვცემ ჩინეთის მიზეზებს“, მაშინ დასავლეთისთვისაც ლოგიკური იქნება დაასკვნას, რომ შენ ანექსიასაც „გაუგებ“ და ამით დასრულდება ყველაფერი. თუ შენი ტერიტორიული მთლიანობა არ გადარდებს, ის აღარც დასავლეთისთვის და აღარც სხვებისთვის იქნება პრიორიტეტული. სწორედ ეს არის ის პრობლემა, რასაც რიტორიკის დონეზე ვაწყდებით”, – ამბობს კობერიძე.
შეუძლებელია ერთდროულად დასავლური და ავტორიტარული პოლიტიკური კურსი
კობერიძის შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან სრულიად თავსებადია დასავლურ ინტეგრაციასთან, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სულ უფრო რთული ხდება.
მისი თქმით, თანამედროვე საერთაშორისო სისტემა მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებზე აღარ არის აგებული და სახელმწიფოებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ბანაკს შორის.
კობერიძე მიიჩნევს, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები პარტნიორებისგან ერთგულებას მოითხოვენ და საბოლოოდ საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას ცდილობენ.
ამ კონტექსტში, მისი აზრით, საქართველოსთვის დასავლური ინტეგრაციის კურსისა და ავტორიტარულ სახელმწიფოებთან პოლიტიკური დაახლოების ერთდროული შენარჩუნება რთულად წარმოსადგენია.
ამერიკის ყურადღება და ჩინეთის გავლენები
კობერიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვაშინგტონში უკვე განიხილავენ საქართველოში ჩინეთის გავლენების საკითხს.
მისი შეფასებით, ეს ჯერ არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებებს, თუმცა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ამერიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ინტერესის სფეროში თანდათან უფრო აქტიურად ხვდება.
მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმ პერიოდში გამოაცხადა, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესებული იყო.
“ეს უფრო პარტიულ ურთიერთობას ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოებრივს“
ინტერვიუს ბოლოს გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ დღევანდელი რეალობა უფრო პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება, ვიდრე სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებს.
მისი შეფასებით, ჩინეთთან ურთიერთობების შედეგად საქართველოს პოლიტიკური სარგებელი არ მიუღია, ხოლო ხელისუფლება საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად ცდილობს პეკინთან კავშირების დემონსტრირებას.
“ეს ყველაფერი უფრო მეტად პარტიულ სტრატეგიულ ურთიერთობას წააგავს, ვიდრე სახელმწიფოებრივს, რადგან საქართველოს ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობის შედეგად სარგებელი არ მიუღია.“ – ამბობს გიორგი კობერიძე.