გახარია: პარტნიორების დახმარებით, პროცესი სამართლებრივ პლატფორმებზე უნდა გადავიტანოთ
მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
● აქციის დაშლის ღამე. რას აპირებს ოპოზიცია? ქრონოლოგია და ფოტოები
მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური პრობლემებია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ამ ყველაფერს ისე მოერიოს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს.
“თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია”, – აცხადებს გახარია.
● მრავალათასიანი მიტინგი თბილისში – ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს
● ნინო ლომჯარია: ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების გაყალბება ჰქვია
პრემიერმა გუშინდელი დარბევის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ და ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა.
“ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა” – ამბობს გახარია.
გახარიას შეფასებით, “ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას – რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება”.