მმართველი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება
“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. პრეზენტაცია პროტესტის ფონზე გაიმართა – მთაწმინდის პარკში, მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ჟურნალისტებს თან ჰქონდათ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით “დაისაჯონ მოძალადეები”.
იტალიური მილანისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია. 2012 – 2017 წლებში ის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო.
კალაძემ თბილისის მერის თანამდებობა 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნებით დაიკავა.
კალაძის წარდგენაზე მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, მხოლოდ მედიის ერთ ჯგუფს უშვებდნენ, ისიც სპეციალურ მედიაზონაში, რომელიც ღონისძიების ადგილიდან ჯებირებით იყო გამოყოფილი. მედიის წარმომადგენლებს ჯებირებს იქით გადასვლის უფლება არ მიეცათ, ხოლო მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო.
კალაძის თქმით, თბილისში სიცოცხლე მუდმივად უნდა ჩქეფდეს.
“ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე, სიცოცხლის სიყვარული ხომ ჩვენი ქალაქის თვისებაა, ამიტომ, სიცოცხლე მუდმივად უნდა ჩქეფდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში, ჩვენ მრავალფეროვნებით განთქმული ჩვენი ქალაქის ყველა ფერს კიდევ უფრო გამოვკვეთთ“, – თქვა მერობის კანდიდატმა.
“ჩვენი პარტია საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ იქნება ნებისმიერ სიურპრიზზე უფრო სასიამოვნო საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის…
ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს”, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მედიის წარმომადგენლებს მიმართა კალაძემაც. მისი თქმით, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა:
“არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო, ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა.”
_____________________________________________
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
●კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
_____________________________________________
თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელმოწერით ახალი დოკუმენტი შექმნა.
შეთანხმების შემდეგ საპატიმრო დატოვეს “მთავარი არხის” მეწილემ გიორგი რურუამ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ასევე იყო საპარლამენტო საქმიანობის დაწყება.
30 აპრილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
თუმცა, ნიკა მელიას თქმით, პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და არ დაიკავებს არცერთ საპარლამენტო თანამდებობას. მიშელის დოკუმენტში მთავარი წინაღობა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ პუნქტია.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.