ერგნეთის შეხვედრაზე ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა
რიგით 99-ე შეხვედრა გაიმართა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის გათავისუფლება მოითხოვა.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები – მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების, ბორდერიზაციის, სარწყავი წყლით სოფლების მომარაგების, ოკუპაციის ხაზთან ფერმერთა მიერ მიწის უსაფრთხოდ დამუშავების და სხვა ყოფითი საკითხები.
ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე, რომელიც ფეხშია დაჭრილი. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – გენადი ბესტაევი, ორწლიან სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდის. მას ბრალად ე.წ. საზღვრის მრავალჯერადი დარღვევა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდა წაუყენეს.
ოკუპირებულ მხარესთან საუბრის თემა იყო მცოცავი ოკუპაციაც – ორი დღის წინ, საოკუპაციო ძალებმა სოფლებში ტახტისძირსა და დირბში, შემდეგ კი ღოღეთსა და თამარაშენში საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს და ხის ძელები დაამაგრეს.
სოფლებში საოკუპაციო ხაზების გადმოწევა და ხის ძელების დამაგრება დროში დაემთხვა დაახლოებით 2 კვირის წინ, საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტში სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის შეიქმნას. როგორც ცხინვალში ამბობენ, ამ კომისიის მთავარი ამოცანაა, დაადგინოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და “ამით განსაზღვროს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრები”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ აღდგომის დღესასწაულზე დაცული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება.
__________________________________
● უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობდნენ
● კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი
________________________________
5 თებერვალს ცხინვალის სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს ზაზა გახელაძეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 34 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიდამოებში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
სხვილოს ციხე ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, რომელიც ცხინვალს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.
დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს. ოსური მხარის ვერსიით, გახელაძემ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რომლებიც მის დაკავებას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ცდილობდნენ და სანადირო თოფიდან სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. ცხინვალი ამბობს, რომ გახელაძე სწორედ ამ გასროლის საპასუხოდ დაჭრეს.
გახელაძე ცხინვალის სასამართლომ ორი მუხლით ცნო დამნაშავედ – სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის გათავისუფლება გასული წლის ოქტომბერში ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
გენადი ბესტაევი 2019 წელს დააკავეს, მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დარღვევას და ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავება. მისჯილი აქვს 3-წლიანი პატიმრობა.
ლიახვის ხეობიდან დევნილ ლაშა ხეთერელს ოკუპანტები ასევე ედავებიან “საზღვრის დარღვევას”. ის ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის. ის ამ ბრალდებით ადრეც იყო დაკავებული.
_____________________________
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ
● ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს კაცი, რომელსაც ღამურების შეგროვებას აბრალებდნენ