ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს კაცი, რომელსაც ღამურების შეგროვებას აბრალებდნენ
86-დღიანი ტყვეობის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი 25 სექტემბერს გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ცხინვალის საპატიმროში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეები კარგად არიან და გათავისუფლებას ელოდებიან.
ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მსვლელობისას ის ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების უკანონო მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულეს. გავრცელებულ ვიდეო „აღიარებაში“ ხვიჩა მღებრიშვილი საუბრობს, რომ ღამურები ამერიკის მოქალაქეებზე 5000 დოლარად უნდა მიეყიდა.
გათავისუფლების შემდეგ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ ჩვენების ჩაწერა მას აიძულეს.
„ღამურების ამბავი სისულელეა… ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები, რის ამერიკელები“, – განუცხადა მღებრიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ცხინვალის საპატიმროში მან კიდევ ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი ნახა.
„ვნახე ქართველები, კარგად არიან, ელოდებიან გამოსვლას“, – განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის დაგეგმილი გათავისუფლების შესახებ 24 სექტემბერს, ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამავე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიმართ ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სამართლებრივ დევნას, ბოლო კვირებში კი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარებს და ზეწოლას განიცდის.
ცხინვალის საპატიმროდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლების ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
_
ფოტო: რადიო თავისუფლება