მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. გუგუტიანთკარში ელჩები ჩავიდნენ
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 16 აგვისტოს საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ჩავიდნენ.
მათ მოინახულეს სოფელი გუგუტიანთკარი, რათა ენახათ თუ როგორ იყოფა ეს სოფელი ორად მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით, რომლებსაც აქ რუსი სამხედროები. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში ამონტაჟებენ.
___________________
რუსმა სამხედროებმა თბილისის მიერ კონტროლირებად სოფელ გუგუტიანკარსა და ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ ბისევს შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს განაახლეს.
ისინი აქ რკინის ბოძებს ასობენ და მავთულხლართებს ავლებენ. 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამ პროცესის შედეგად, ორი ქართული ოჯახის – გუგუტიშვილების და რაზმაძეების სახლი ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
მათ სამი დღე მისცეს სახლების დასაცლელად.
ორივე კარ-მიდამო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა და იქ არავინ ცხოვრობდა. თუმცა, მეპატრონეები მამა-პაპისეულ სახლებს მაინც არ ტოვებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ აღდგენას შეძლებდნენ, უვლიდნენ ეზოებს და მიმდებარე მიწებით სარგებლობდნენ. აქ მათ ხილი მოჰყავდათ და ცოტას ჰყიდდნენ. სამ დღეში მათ ეს მიწები აღარ ექნებათ. ზუსტად ამდენი დრო აქვთ მოსავლის დასაკრეფადაც.
ახლა ამ ორი ოჯახის წევრები სახლებს შლიან – ურიკებით გამოაქვთ აგურები, რომ მერე სადმე სხვაგან ამ მასალით სახლი აიშენონ.
გარდა ამ ორი სახლისა, როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, რუსი და ოსი სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა გუგუტიანთკარის მთავარი სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებდა ახლომდებარე სოფლებს.
თბილისი ამ პროცესს ოკუპაციას უწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, „სახელმწიფო საზღვრის გავლებას“.
რა არის ბორდერიზაცია
„ბორდერიზაციის“, ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს.
ამ პროცესის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან სახელმწიფო და საერთაშორისო საზღვრად გადააქციოს.
„ბორდერიზაციის“ პროცესს ძირითადად რუსი სამხედროები წარმართავენ. მასში აფხაზი და ოსი სამხედროებიც მონაწილეობენ.
ისინი ავლებენ მავთულხლართებს, აწყობენ ლითონის ან ხის ღობეებს, გაჰყავთ თხრილები და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები, ამონტაჟებენ „საზღვრის“ აღმნიშვნელ აბრებსა და სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.
უკვე ათი წელია, რაც “ბორდერიზაცია” მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი იგი 2013 წლიდან გააქტიურდა. სწორედ ამ წელს გაჩნდა ე.წ. მავთულხლართები.
ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსი სამხედროები გამყოფ ხაზს გასცდნენ და თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შემოიჭრნენ.
რუსი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ე.წ. ბორდერიზაციისას ისინი საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკით სარგებლობენ და „სახელმწიფო საზღვარი“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ გაჰყავთ.
ელჩები და ხელისუფლების რეაქცია
16 აგვისტოს გუგუტიანთკარში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების ოცზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რვა ელჩი ჩავიდა.
მათთან ერთად კონფლიქტის ზონაში ჩავიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
ისინი იქ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
„გვინდა მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა, რა სატანჯველში ვართ. ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა, მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. აქ მაქვს ჩემი დამწვარი სახლი და შვილიშვილები ვერ შემყავს“,- უთხრა ჩამოსულ სტუმრებს ერთმა ადგილობრივმა.
„ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გაგვსრისოს, ვეღარ ვითმენ. 11 წელი არაადამიანური ცხოვრებით დავიღალე“,- ამბობს კიდევ ერთი გუგუტიანთკარელი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ „მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას“.
„ბორდერიზაცია“ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ციფრები
60 კილომეტრზე მეტ სიგრძეზე გადაჭიმული უსაფრთხოების ღობეები;
20 კილომეტრზე განთავსებული სათვალთვალო ტექნიკას;
200-ზე მეტ ნიშანი წარწერით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი“;
რუსი მესაზღვრეების 19 ბაზა და ოთხი კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტი.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის პასუხი მავთულხლართების გაბმაზე არის ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება.
„ვეხმარებით ყველა სოფელს, რომელიც მავთულხლართების გასწვრივ მდებარეობს.. მომავალში სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას – ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ“, – თქვა ციხელაშვილმა.
უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანიმ აღნიშნა, რომ „უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები“.
გუგუტიანთკარში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ჩავიდა.
მან ის ოჯახები ინახულა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება უწევთ.
„რთული იყო დღეს თვალცრემლიანი ოჯახის დიასახლისის ყურება, რომელიც თვალს ადევნებდა ერთხელ უკვე გადამწვარ სახლს როგორ შლიდნენ ოჯახის მამაკაცი წევრები საკუთარი ხელებით აგურ-აგურ… ემშვიდობებოდა საკუთარი ეზოს ყურძენს, კაკალს, შინდს, ასკილს, რომელსაც 3 დღეში ვეღარ დაკრეფს“ – წერს ის თავის ფეისბუკზე.
კონფლიქტის ზონაში არ ჩასულან ქვეყნის პირველი პირები – პრემიერი და პრეზიდენტი, რის გამოც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურეს.
პრემიერმა თქვა, რომ კონფლიქტის ზონაში მისი თხოვნით იმყოფებოდნენ შერიგების მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ქალაქ გორის მერმა კი, on.ge-ს უთხრა, რომ სოფელს მას შემდეგ მოინახულებს, რაც შვებულებიდან გამოვა.
ორად გაყოფილი სოფელი
სოფელი გუგუტიანთკარი გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ერთ-ერთია იმ ქართული სოფლებიდან, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არიან განლაგებულნი.
ომის დროს ეს სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა-დაიწვა სახლები, განადგურდა ბაღები.
მედიის ყურადღების ცენტრში ეს სოფელი 2017 წელს მოექცა, როდესაც აქ პირველად გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, რომლებმაც
„ბორდერიზაციის“ პროცესი დაიწყეს. მაშინ ადგილობრივ მცხოვრებს, დიმიტრი გუგუტიშვილს, მავთულხლართები სახლის კედელზე გაუბეს. ეზოს ნაწილი და საწყობი ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
საერთაშორისო ამნისტიის ანგარიშში, რომელიც ბორდერიზაციის პროცესს ეხება, ვკითხულობთ ასევე გუგუტიანთკარელი 71 წლის ამირან გუგუტიშვილის ისტორიას, რომელმაც ხეხილის ბაღი და შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა: „ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს,“ – ამბობს ის.
ბორდერიაზაციამ ამ სოფლის მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობებიც წაართვა, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
2019 წლის აგვისტოში ბორდერიზაციის პროცესი აქ კვლავ განახლდა, ამჯერად მავთულხლართებს სოფლის დარჩენილ ნაწილში ავლებენ.