არჩევნების წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოლო აქცია გამართა
თავისუფლების მოედანზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია“ არჩევნებამდე ორი დღით ადრე შემაჯამებელი აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები დადგეს, რათა მომიტინგეების ერთმანეთისგან დისტანცირება მოეხდინათ.
აქციის მონაწილეებს პირბადეებს ურიგებდნენ და შესასვლელებთან სიცხეს უზომავდნენ.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.
აქციაზე მისულ მოსახლეობას „გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები სიტყვით მიმართავენ.
აქციის მონაწილეებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა ბუბა კიკაბიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა. ასევე იმღერეს სხვა მომღერლებმაც, მათ შორის სოფო ბათილაშვილმა და მერაბ სეფაშვილმა.
“გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით“, – განაცხადა აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.
აქციის კულმინაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა იყო კიევიდან.
მან მოქალაქეებს მიმართა, რომ გაერთიანდნენ და არჩევნების გზით ჩამოიშორონ ის უბედურება, რასაც მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჰქვია.
„მე გიჟს მეძახდნენ, ჩვენ ვართ „გიჟები“, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 31 ოქტომბერს ჩვენ ისევ დავიწყებთ თქვენს გაერთიანებას. ივანიშვილი გვყოფდა, მაგრამ გავერთიანდით. მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ”.
სააკაშვილმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით პენსიაზე უნდა გავიდეს.
„წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
● საპარლამენტო არჩევნები 2020. მოკლედ, რაც უნდა იცოდეთ
● ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხებისთვის ემზადება
● რა თქვა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში. მთავარი
აქციას სკანდალის გარეშძე არ ჩაუვლია – ბუბა კიკაბიძემ ცნობილი სიმღერის “თბილისოს” შესრულებისას, ამ სიმღერის ერთი კუპლეტი რუსულად შეასულა, რასაც პროტესტი მოჰყვა მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისგანაც.
მოგვიანებით კიკაბიძე კიდევ ერთხელ ავიდა სცენაზე და განმარტა, რატომ იმღერა ღონისძიების გახსნაზე „თბილისოს“ რუსული ვერსიაც.
“ჩემ ცხოვრებაში ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, ამდენი ხალხი როა. ზარებმა დარეკეს, ბუბამ რატომ იმღერა ორი “კუპლეტი” “თბილისო” რუსულადო. ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ”,- აღნიშნა კიკაბიძემ.
ბუბა კიკაბიძის სიმღერის შესახებ განმარტებები გააკეთეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მათი თქმით კიკაბიძეს ფონოგრამა აერია.