ფეისბუკი აგვისტოდან საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრ წესებს დააწესებს
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფეისბუკი საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამის გამჭვირვალობის ახალ წესებს ადგენს – ყველა, ვინც პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს, ვალდებული იქნება მიუთითოს: ვინ არის რეკლამის დამკვეთი, ვინ გადაიხადა თანხა და რა ოდენობით, რომელ გეოგრაფიულ ადგილზე გავრცელდა ის და რა ასაკის ადამიანები მოხვდნენ მის სამიზნე აუდიტორიაში.
პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამის გამჭვირვალობისთვის დაწესებული რეგულაციები აგვისტოს დასაწყისიდან ამოქმედდება.
აგვისტომდე „ფეისბუკი” პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ.
ფეისბუკის ეს გადაწყვეტილება არის პასუხი ღია წერილზე, რომელიც საქართველოში მოქმედმა 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ფეისბუკის ადმინისტრაციას გაუგზავნა. ისინი ამ წერილით საქართველოში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ითხოვდნენ.
- დიდი Facebook-წმენდა საქართველოში
- ფეისბუკმა გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთან
საპასუხო წერილში, რომელიც ამ ორგანიზაციებმა ფეისბუკისგან მიიღეს, წერია:
“2020 წლის აგვისტოდან ჩვენ მოვითხოვთ ავტორიზაციას საქართველოში პოლიტიკურ და საარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით. ეს გვთავაზობს უპრეცედენტო გამჭვირვალობის ხარისხსა და აუთენტურობას ამ რეკლამებთან დაკავშირებით. ასე რომ, ადამიანებს შეეძლებათ დაინახონ, ვინ ცდილობს მათ ხმაზე გავლენის მოხდენას არჩევნებთან დაკავშირებით და რატომ.”
“ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ცხადია, სოციალური მედიის საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენების გამოწვევები ამით არ აღმოიფხვრება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა “ფეისბუქზე” 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს”, – არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი, მიხეილ ბენიძე.